კასპში გარემოს დასაცავად საინიციატივო ჯგუფი შექმნეს

1846

საინიციატივო ჯგუფში უკვე გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ამჯერად, ორგანიზატორები გარემოს დაცვის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ინჟინრებს და ცემენტის ტექნოლოგებს ეძებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საინიციატივო ჯგუფის ინიციატორი სოფიო ქურთაულია, რომელმაც მოძრაობის შესახებ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

“ცემენტის, კირქვის და კიდევ რა არის, არ ვიცი, მომპოვებელი და გადამამუშავებელი ქარხნების და კასპში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ვაცნობოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს,  საელჩოებს, გარემოს დაცვით ორგანიზაციებს. იქნებ გვერდით დაგვიდგნენ. თუ არადა დავიხოცებით. უკვე რამდენიმე თვე გავიდა კასპის მუნიციპალიტეტს მივწერე პეტიცია ქუჩების მორწყვაზე, ტრაილერების გადაადგილების რეგულირებაზე (ზოგს ისე გადააქვს მასალა, დახურულიც კი არ არის და იყრება მტვერი და უბედურება) და გარემოს დაცვის კუთხით თავისი ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ უპასუხოდ დატოვეს. გავუგზავნი წერილს და შევახსენებ, რა გააკეთეს ან რას გააკეთებენ! მაგრამ ეს საკმარისი არ არის.” – აღნიშნულია განცხადებაში.

სოფიო ქურთაული კასპელებს მიმართავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების სახელზე მომზადებულ ერთობლივ კოექტიურ განცხადებაზე ხელი მოაწერონ.

“ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება და ვიმოქმედოთ.” – აღნიშნავს სოფიო ქურთაული.