განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლები ბორჯომში

2570

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონიტორინგის სამსახურმა ის ისტორიული ძეგლები აღრიცხა, რომლებიც განადგურების პირასაა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხუთ დაცლილ დასახლებაში არსებული ობიექტები კონსერვაციას საჭიროებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომში, სოფელ წინუბნის ნაეკლესიარი – ‘ხასტაგძუარი“, ვარდევანის წმ.გიორგის სახელობის ტაძრის ნაეკლესიარი, ღინტურის ღვთისმშობელის სახელობის ეკლესია და მის სამხრეთით არსებული ნასოფლარი დიდი თონეთი, ასევე „სახდელის ჯვრის“ ეკლესია და „ძველი სასაფლაოს ეკლესია“ მიუდგომელ ადგილებში მდებარეობს.

ძეგლები შუა საუკუნეებს განეკუთვნება და თითქმის განადგურებულია. მათი აღრიცხვისთვის ადგილზე ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონიტორინგის სპეციალისტი იმყოფებოდა. გიორგი ლაზარაშვილის მიერ მოპოვებული მონაცემები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის კატალოგში შევა.

“ვამოწმებთ, რა მდგომარეობაშია ძეგლები. შემდეგ ვიღებთ ჯიპიეს კოორდინატებს და ფოტოებს. ბოლოს, ყველა მონაცემს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საიტზე ვათავსებთ. ხუთივე ძეგლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კამარა, კონქი თითქმის სულ ჩამოქცეულია, მხოლოდ კედლებია დარჩენილი. მათი რესტავრაცია კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული. ალბათ, კონსერვაცია უნდა მოხდეს ამ ძეგლების, შესწავლა, გაწმენდა, დაფიქსირება, აზომვითი სამუშაოები, რაც უკვე სააგენტოს პრეროგატივაა“, – ამბობს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონიტორინგის სპეციალისტი გიორგი ლაზარაშვილი.

მისივე თქმით, ძეგლები უკვე დაცლილ სოფლებში მდებარეობს. მათთან მისასვლელი გზები კი მიუვალია, ამიტომ 80-იანი წლების შემდეგ ისინი არავის მოუნახულებია: “80-იან წლებში მოხდა ამ ძეგლების პასპორტიზაცია და ამის შემდეგ არავინ ყოფილა. მოხვედრა ძალიან ძნელია, ცუდი გზაა, ორხიდიანი მანქანაა საჭირო და შეიძლება ბოლომდე ვერც მიხვიდე. ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, ვეძებეთ და სამი-ოთხი დღე დაგვჭირდა, რომ მიგვეგნო“.

მსგავს ისტორიულ ძეგლებს მონიტორინგის სამსახური პერიოდულად აღრიცხავს. მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 220 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.