ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა ამბობს, რომ დარჩელის საბავშვო ბაღში მომხდარი შემთხვევა, როდესაც ბავშვები იატაკზე იწვნენ, სავარაუდოდ, უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედებაა. მისვე თქმით, მერიის შესაბამისი სამსახური ფაქტს შეისწავლის. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
„დარჩელის საბავშვო ბაღში არ გვყავს ბაგას ჯგუფი. შესაბამისად, აქ არ არის საძინებელი ოთახები და ბავშვები არ იძინებენ. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ამ ფაქტს ჩვენ შევისწავლით. ინფორმაციის წინასწარი მოკვლევით, ეს არის უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება, რომელიც, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება“, – აღნიშნა კაკავამ.
ამავე ინფორმაციით, დარჩელში 180 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის აშენება იგეგმება.
ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ პატარა ბავშვები იატაკზე გაფენილ საბნებზე წვანან.
ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა, თორნიკე ხარამაშვილმა გადაიღო. მან რადიო „ათინათს” უთხრა, რომ ბაღის აღმზრდელებმა კადრის გადაღების საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება ბავშვების იატაკზე დაძინების ფაქტებს, ხარამიშვილის მტკიცებით, დარჩელის ბაღში აღსაზრდელებს სწორედ ასე აძინებენ.
ვიდეოში ისმის ხმა, რომ “აქ გადაღება არ შეიძლება”.