ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული ორანჟერეის, ჯვარედინა სასახლის, ძველი წყლის სისტემისა და გადასასვლელი ხიდის სარეკონსტრუქციო-საკონსერვაციო სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში დასრულდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ორანჟერეის, ჯვარედინა სასახლის პროექტირებაზე ტენდერი ფონდმა უკვე მეოთხედ გამოაცხადა. მესამე ტენდერი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. თუ რატომ, ფონდში განმარტავენ, რომ მიზეზით დაინტერესდნენ.
“ჩატარდა ბაზრის კვლევა ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე. ერთი მომწოდებელი გამოგვეხმაურა, რომელმაც გაგვიზარდა ფასი და ეტაპების მოწოდების ვადები”, – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 87 ათას 500 ლარია.
თავდაპირველად ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციაზე ერთიანი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ფონდის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან და დონორთან შეთანხმებით გადაწყდა ორანჟერეის და ჯვარედინა სასახლეზე ტენდერის ცალკე გამოყოფა.
რაც შეეხება უშუალოდ ბოტანიკურ ბაღს, ფონდში ამბობენ, რომ აღდგენა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. ამ ეტაპზე რჩება წყალმომარაგება, ბილიკები და ადმინისტრაციული შენობის შიდა სამუშაოები.
ორანჟერეასა და ჯვარედინა სასახლეზე წინა სამჯერ გამოცხადებული ტენდერი სხვადასხვა მიზეზით ვერ შედგა.
ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.