აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით, ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომელსაც ტენდერში ყველაზე მაღალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული, ხოლო ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო წინადადების პირობებს, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია. უწყების შეფასებით, აღნიშნული გარემოება სახელმწიფო შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს.
კერძოდ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაური-ჯიხანჯურის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო წინადადებით მოთხოვნილი იყო, რომ პრეტენდენტს, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, შესრულებული ჰქონოდა ტენდერით გათვალისწინებული მსგავსი სამუშაოები, საერთო ღირებულებით − 1.5 მილიონი ლარი, მათ შორის, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში − არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულებისა.
ტენდერში ხუთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, თუმცა, სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, ოთხი პრეტენდენტი დისკვალიფიცირდა. გამარჯვებულად კი გამოვლინდა შპს “სამკუთხედი“, რომლის მიერაც ყველაზე მაღალი ფასი − 1 098 888 ლარი იყო შეთავაზებული. ეს ის შპს “სამკუთხედია”, რომელიც კიდევ ერთ კანონდარღვევით წარმოებულ პროექტში შემსრულებელ კომპანიას წარმოადგენდა.
აუდიტის ცნობით, წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს “ერ ტე დე-ს“ წარმოდგენილი ფასი 939 169 ლარს შეადგენდა, თუმცა, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დისკვალიფიცირდა; ასევე, დისკვალიფიკაცია მიენიჭა ინდმეწარმ დავით სიჭინავასაც, რომელსაც სამუშაოების შესასრულებლად 971 999 ლარი ჰქონდა მითითებული, თუმცა, ისიც, დაზუსტების მოთხოვნის შემდეგ, სამუშაოს გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის გამო, ტენერს გამოეთიშა;
ტენდერში მონაწილე კიდევ ერთი პრეტენდენტი – შპს “ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“, რომლის წარდგენილი ფასიც 1 041 239 ლარს შეადგენდა, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საჭირო მანქანა-მექანიზმების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაციის წარდგენის გამო დისკვალიფიცდა;
ტენდერს გამოეთიშა შპს “გზამშენიც“, რომელიც მზად იყო, სამუშაოები 1 069 000 ლარად შეესრულებინა. პრეტენდენტს, სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარდგენილი ჰქონდა ინფორმაცია მსგავსი სამუშაოების განხორციელების გამოცდილების შესახებ, მაგრამ არ ჰქონდა წარდგენილი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება და სხვა). მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია ისე მიანიჭა, რომ მისთვის სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება არ მოუთხოვია.
მას შემდეგ კი, რაც 4 პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიანიჭა, სატენდრო კომისიამ გამარჯვებულად მეხუთე პრეტენდენტი – შპს “სამკუთხედი“ გამოაცხადა, რომლის მიერ უწყებისთვის წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტების შემდეგაც არ შეესაბამებოდა სატენდერო წინადადების პირობებს. კერძოდ, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია/მტკიცებულებები, ნაცვლად 1 500 000 ლარისა, წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ 1 085 791 ლარის ღირებულების შესრულებულ სამუშაოებზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიმართავს, გამოიკვლიოს არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, შეიმუშაოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რაც შემდგომში უზრუნველყოფს თანაბარი კონკურენციის პირობებში პრეტენდენტის გამარჯვებულად აღიარებას.