აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საპროექტო დოკუმენტაციების მიღების ეტაპზე არ განახორციელა ინსპექტირება, რის გამოც მას 594 816 ლარის ღირებულების სხვა, ახალი სამუშაოების შესრულება მოუწია. ამის შედეგად, სამუშაოები დადგენილ დროში ვერ დასრულდა, ხოლო ხარვეზით შედგენილი პროექტებისათვის დეპარტამენტმა არ უზრუნველყო მიმწოდებელზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, დეპარტამენტის მიერ 2016-2017 წლებში საავტომობილო გზების, გზებზე ხელოვნური ნაგებობებისა და სამელიორაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები შპს “პროექტმშენკომპანის“ და შპს “გზაპროექტის“ მიერაა შედგენილი.
“წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია ხარვეზებითაა შედგენილი. კერძოდ, სრულყოფილად არ არის შესწავლილი მიწის ვაკისის მდგომარეობა, გრუნტის შემადგენლობა, მომხმარებლების მოთხოვნა და სხვა გარემოებები.
აღნიშნულის გამო, მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, 28 შემთხვევაში შეცვლილია პროექტის მონაცემები და დამატებულია ჯამში 594 816 ლარის ღირებულების სხვა ახალი სამუშაოები. ამასთანავე, გაზრდილია სამუშაოს შესრულების დროც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარვეზით შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის პირობებში, დეპარტამენტს არ განუხორციელებია პროექტის შემდგენ პირებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის, ჯამში − 6,178 ლარის დაკისრება”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიმართავს, დაადგინოს ხარვეზით მიწოდებულ საპროექტო დოკუმენტაციაზე ინსპექტირების განუხორციელებლობის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, დანერგოს ქმედითი შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა დროულად და სრულად გამოვლინდეს ხარვეზით წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია და არ დაუშვას უხარისხოდ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება.