თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, სხდომაზე დედაქალაქის მასშტაბით არსებული 35 ბიბლიოთეკის სახელდების ინიცირების საკითხზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, ბიბლიოთეკის ფილიალებს, ამ დროისათვის, მხოლოდ ნუმერაცია აქვთ მინიჭებული.
აღნიშნული საკითხი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ა(ა)იპ “ქალაქ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ წინადადების საფუძველზე განიხილა.
კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ფილიალებისათვის ღვაწლმოსილი ადამიანების სახელების მინიჭება ბიბლიოთეკების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და მათ საკითხის ინიცირებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
“წარმოდგენილი ინიციტივით, თბილისის ბიბლიოთეკებს მიენიჭებათ ძმები ზუბალაშვილების, მირზა გელოვანის, ეკატერინე თამამშევას, მარო მაყაშვილის, მარიამ დემურიას, ლადო ასათიანის, აკაკი შანიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ოლღა გურამიშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ტერენტი გრანელის, ნოდარ დუმბაძის, შალვა ნუცუბიძის, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის, ანთიმოზ ივერიელის, იონა მეუნარგიას, გიორგი ქართველიშვილის, აკაკი ბაქრაძის,ექვთიმე ხელაძის, ბარბარე ჯორჯაძის, ოთარ ჭილაძის, იაკობ მანსვეტაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, დავით ჩუბინაშვილის, ილია ოქრომჭედლიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ყაზბეგის, ვიქტორ ბროსეს, შიო მღვიმელის, მიხეილ გედევანიშვილის, მარჯორი უორდროპის, ბორის გაპონოვის, ვახტანგ როდონაიას, ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთლისა და მერაბ მამარდაშვილის სახელები.
ბიბლიოთეკების სახელდების ინიცირების საკითხი განთავსდება თბილისის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე, რის შემდეგაც დაიწყება საკითხის საჯარო განხილვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.