ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში, უბილეთო მგზავრებს 5 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დააჯარიმებენ. ბათუმის ”ავტოტრანსპორტში” ამბობენ, რომ ცვლილებები ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ამოქმედდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. განკარგულება ძალაში დღეს. 19 სექტემბერს შევიდა, თუმცა მოსახლეობის ინფორმირებულობის გამო, გაზრდილი ჯარიმები ორშაბათიდან ამოქმედდება.
”დღეს ბათუმის საკრებულოში წარმოდგენილი საკითხი ეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე ბათუმის საკრებულომ არსებულ განკარგულებაში განახორციელა ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობისთვის უბილეთო მგზავრი ოცი ლარით დაჯარიმდება. ასევე, საურავის ოდენობა შემცირდა და არ გაზრდილა, ადრე იყო 50 ლარი ახლა კი 40 ლარია.
ჯარიმის გაზრდის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მანამდე არსებული ფაქტებიდან გამომდინარე არსებულ ჯარიმას არ ჰქონდა პრევენციის ხასიათი.. უბილეთოდ მგზავრობის სტატისტიკა ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 2 000-დან 2 500-მდე იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი ახალი სანქციით შემცირდება.”
სიახლეა ბილეთის აღების წესშიც: მგზავრი ვალდებულია, ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაჯარიმდეს.
რაც შეეხება ჯარიმის გადახდის ვადებს, თუ 30 დღის განმავლობაში საურავს არ გადაიხდით, 50 ლარის ნაცვლად 40 ლარით დაგაჯარიმებენ. ცვლილების შემდეგ კი საურავი 10 ლარით შემცირდა.
კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტმა მხარი 29 მაისს დაუჭირა.