არასაკმარისად გამოყენებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები იმერეთის მუნიციპალიტეტებში

956

იმერეთის მუნიციპალიტეტებში, 2015-2016 წელთან შედარებით, 2017-2019 წლებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები უფრო მეტად გამოიყენეს, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებული ვითარება გასაუმჯობესებელია”, – ნათქვამიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა მეტ ჩართულობას ადგილობრივ თვითმმართველობის მუშაობაში ხელს უშლის როგორც არსებული კანონმდებლობა, ასევე, მოქალაქეთა ნაკლები ინფორმირება ჩართულობის მექანიზმებზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რამდენად აბარებენ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირები მოქალაქეებს და რამდენად ეფექტიანია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები.

ორგანიზაციამ იმერეთის მუნიციპალიტეტებზე მსგავსი კვლევა 2017 წლის აპრილში გამოაქვეყნა, სადაც 2016-2017 წლების პრაქტიკაა შესწავლილი.

ამჯერად წარმოგიდგენთ 2017 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით არსებული ვითარების მიმოხილვას:

  • დასახლების საერთო კრებები ჩატარდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქუთაისის, ჭიათურის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისა.
  • იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში არის შექმნილი მერის სათათბირო ორგანო – მრჩეველთა საბჭო, თუმცა ქუთაისის გარდა, არცერთ მოქმედ საბჭოში არ არის დაცული კანონის მოთხოვნა საბჭოს შეკრების პერიოდულობის შესახებ.
  • საკვლევ პერიოდში სულ 4 პეტიცია დარეგისტრირდა ჭიათურის, სამტრედიის, ვანისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
  • ვანის, თერჯოლის, ბაღდათის საკრებულოების სხდომებს მოქალაქეები 2017 -2019 წლებში არ დასწრებიან, სხვა მუნიციპალიტეტებში დასწრება ფიქსირდება, თუმცა იშვიათად.
  • 2017-2019 წლებში საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრები, თერჯოლის, ხარაგაულის და ხონის მუნიციპალიტეტების გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართებოდა.
  • ჭიათურისა და სამტრედიის გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის მერს ჩაბარებული აქვს ანგარიში მოსახლეობის წინაშე

იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენება 2017 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით:

დასახლების საერთო კრება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობას უფლება აქვს გამართოს დასახლების საერთო კრება. დასახლების საერთო კრება არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2017 წლიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით ქუთაისის, ჭიათურის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა.

ვანის, საჩხერის, ტყიბულის, ბაღდათის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტებში 2018 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შესარჩევად დასახლების საერთო კრება თითქმის ყველა სოფელსა თუ თემში ჩატარდა. თუმცა, საერთო კრების ოქმების მიხედვით ზოგ შემთხვევაში კრებებს ამომრჩეველთა 20% არ დასწრებია.

ხარაგაულში საერთო კრება ერთხელ, სოფელ ღორეშაში გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ პეტიციის შესადგენად და საკრებულოში გადასაგზავნად შეიკრიბა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში კი ორჯერ სოფელ ნაბაკევსა და სოფელ ჩხენიშში.

პეტიცია

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს და საერთო კრებას აქვს უფლება პეტიციით მიმართოს საკრებულოს. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

2017 წლიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით ქუთაისის, თერჯოლის, საჩხერის, წყალტუბოს, ტყიბულის, ბაღდათის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პეტიაცია არ არის რეგისტრირებული.

საკვლევ მონაკვეთში იმერეთის მასშტაბით სულ 4 პეტიცია მომზადდა:

  • ჭიათურის საკრებულოში „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ნორმატიული აქტის პროექტი პეტიციის სახით დარეგისტრირდა. ჭიათურის საკრებულომ აღნიშნული პეტიცია 2018 წლის 7 დეკემბერს განიხილა და ამავე დღეს მიიღო განკარგულება მისი დამტკიცების შესახებ.
  • სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 29 მარტს დარეგისტრირდა ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩხენიშის საერთო კრების პეტიცია. სოფლის მოსახლეობა ძველი სარწყავ-სანიაღვრე არხის რეაბილიტაციას ითხოვდა. ამავე წლის 16 მაისს სამტრედიის საკრებულომ მიიღო განკარგულება სოფელ ჩხენიშის ძველი სარწყავი-სანიაღვრე არხის რეაბილიტიციის შესახებ.
  • 2017 წლის 19 მაისს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სალხინოს თემის საერთო კრების პეტიცია დარეგისტრირდა. პეტიცია ეხებოდა ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, სოფელ სალხინოს ცენტრში მდებარე ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში მედიათეკის (თანამედროვე ბიბლიოთეკის) მოწყობის შესახებ პროექტის/წინადადების განხილვას. საკითხი შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას გადაეცა. თუმცა, კომისიას დასკვნა საკრებულოსთვის არ წარუდგენია.
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიცია შევიდა სოფელ ღორეშის 2017 წლის 17 მაისის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. პეტიცია ეხებოდა სოფელ ღორეშის კვადოურას უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზის 150მ მონაკვეთის რეაბილიტაციისა და სასაფლაოს შემოღობვის პროექტის შესწავლის, განხილვის და გადაწყვეტილების მიღებას.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის/რაიონის გამგებლის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი/რაიონის გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ და საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით.

როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შექმნილია იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში.

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის საბჭოში განდერული ბალანსი დაცულია, მაგრამ არცერთ მოქმედ საბჭოში არ არის გათვალისწინებული კანონის მოთხოვნა საბჭოს შეკრების პერიოდულობის შესახებ (სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უნდა შეიკრიბოს არანაკლებ 3 თვეში ერთხელ). ვანისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მრჩეველთა საბჭოები შეიქმნა, მაგრამ საბჭოს სხდომა არ ჩატარებულა, ხოლო ჭიათურასა და ხარაგაულში საკვლევ მონაკეთში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა.

ჭიათურის მერის მრჩეველთა საბჭო შედგება 9 წევრისგან, რაც არღვევს კანონისა[1] და მუნიციპალიტეტის დებულების მოთხოვნას.

შეხვედრები ამომრჩევლებთან/ანგარიშების წარდგენა

ჩართულობის ფორმებია ასევე საკრებულოს წევრთა შეხვედრები ამომრჩეველთან და მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საკრებულოს წევრებს ავალდებულებს ამომრჩეველთან შეხვედრას წელიწადში ერთხელ მაინც.

2017-2019 წლებში საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრები იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართებოდა. გასვლითი შეხვედრის ფარგლებში ადგენდნენ შესაბამის ოქმებს, გარდა თერჯოლის, ხარაგაულის და ხონის მუნიციპალიტეტებისა, სადაც შეხვედრის ოქმები გასვლითი შეხვედრების დროს არ შეუდგენიათ.

იმერეთის მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ წარმოგვიდგინა მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრის ფარგლებში შედგენილი ოქმები, რომლებშიც მეტ-ნაკლებად არის ასახული შეხვედრის თემატიკა და წამოჭრილი პრობლემები.

იმერეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა მერს ჩაბარებული აქვს ანგარიში მოსახლეობის წინაშე, გარდა ჭიათურისა და სამტრედიის მერებისა. ჭიათურის შემთხვევაში ანგარიშიც ჩაბარება ვერ მოხერხდა მერის ცვლილების გამო. სამტრედიაში კი ინფორმაციას განხორციებული პროექტების შესახებ ავრცელებენ ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით.  ვანისა და ზესტაფონის მერიებს ანგარიშების ჩაბარების შესახებ  ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

დასკვნა და რეკომენდაციები

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოზიციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით ორი პრობლემა დგას: მოქალაქეთა ნაკლები ინფორმირებულობა ჩართულობის ფორმებსა და მექანიზმებზე და თავად აღნიშნული ფორმებისა და მექანიზმების დაბალი ეფექტიანობა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებისგან მოწოდებული ინფორმაცია, გარდა პეტიციებისა, არ იძლევა სრულყოფილი ანალიზის საშუალებას მოქალაქეთა მხრიდან გამოვლენილ საჭიროებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან მათზე რეაგირებაზე, ამასთან,

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, დასახლების საერთო კრების მოწვევისათვის დაწესებული ორი ვალდებულება: ამომრჩეველთა 5% ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნა კრების მოწვევის თაობაზე და მეორე – ის, რომ კრება უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, თუკი მას ესწრება ამომრჩეველთა არანაკლებ 20%, მნიშვნელოვნად ართულებს მისი მოწვევის და ჩატარების შესაძლებლობებს, ცალკეულ დასახლებებში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო, ცალკეულ სოფლებში კი იმის გამო, რომ შესაძლებელია რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% არ ცხოვრობდეს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ან/და ასევე შესაძლებელია, მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ინტერესი დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ, არ ემთხვეოდეს ამომრჩეველთა 20% ინტერესებს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დასახლების საერთო კრების მოწვევის შესაძლებლობა მიეცეთ ამომარჩეველთა უფრო მცირე ჯგუფებსაც.
  • იმის გამო, რომ კომპეტენციების და უფლებამოსილებების თვალსაზრისით, საერთო კრების მოწვევა არ იძლევა მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრობლემის გადაწყვეტის გარანტიას (კრების მიმართვა მუნიციპალიტეტისადმი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა), იქმნება რისკი, რომ კრების მოწვევა უფრო მეტად გართულდეს ადგილობრივი მოსახლეობისგან შესაბამისი ინტერესის უქონლობის გამო. დასახლების საერთო კრების მოწვევის მოტივაციის გასაზრდელად მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ შეისწავლოს და მაქსიმალურად ეცადოს მის გათვალისწინებას ბიუჯეტის ხარჯვისას.
  • მოქმედი კანონმდებლობა თვითმმართველობებს აძლევს შესაძლებლობას პეტიციის საჭირო ხელმომწერთა რაოდენობა შეამცირონ მათთვის სასურველ ნებისმიერ ოდენობამდე. თვითმმართველობის კოდექსი აწესებს მხოლოდ ზედა ზღვარს – 1%, რაც ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეების დიდი ოდენობის გათვალისწინებით, შესაძლოა, რთულად შესასრულებელი მოთხოვნა იყოს. ამიტომ საკრებულოებმა უნდა შეამცირონ პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა და პეტიციის წესით საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიცირების შესაძლებლობა ამომრჩეველთა უფრო მცირე ჯგუფებსაც მისცენ.
  • მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრებმა ამომრჩეველთა შეხვედრის ოქმები შეადგინონ, აღნიშნული ვალდებულება განსაზღვრული უნდა იყოს საკრებულოს რეგლამენტითაც. ოქმში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია საკრებულოს წევრის, შეხვედრის ადგილისა და დროის, განხილული საკითხების, შეხვედრის მონაწილე ამომრჩევლებისა და ამომრჩევლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების შესახებ. ოქმში ასახული ინფორმაცია, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტის ან/და საკრებულოს მიერ ბიუჯეტზე შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიწოდების პროცესშიც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოქმს ხელს აწერდნენ არა მხოლოდ საკრებულოს წევრი, არამედ შეხვედრის მონაწილე ამომრჩევლებიც, რითაც დადასტურდება როგორც შეხვედრის გამართვის, ასევე ოქმში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

 


[1] საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისი 86 პრიმა მუხლი