პრემიერმა მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი ვიცეპრემიერებად დანიშნა

1268

წინა სტატია

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცეპრემიერები დაასახელა. გახარიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კვლავ რჩება მაია ცქიტიშვილი, რომელიც ამავე დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიც არის, მეორე ვიცეპრემიერი კი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იქნება.

“პირველ რიგში მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს-ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მინდა გითხრათ, რომ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცეპრემიერი, ერთი გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და მეორე გახლავთ თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, ისინი ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.

დღეს ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველი კვირაა, ამიტომ შევხვდით პარასკევს. ასევე მინდა, გითხრათ, რომ მთავრობის სხდომები იქნება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე და ვფიქრობ, ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვის“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მთავრობა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავს.

საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 სექტემბერს დაამტკიცა.