https://www.youtube.com/watch?v=Q0dkNRBZGOI&feature=youtu.be
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონფერენციას თემაზე: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ მართავს. საია-ს თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გარკვეული სახის ხარვეზები გამოვლინდა, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით, რაც აუცილებელია რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოსწორდეს.
„ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ, არაძალადობრივ და თანასწორუფლებიან გარემოში ჩატარება. წინა არჩევნების დროს დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ფაქტი, რაზეც, სამწუხაროდ, რეაგირება დღემდე არ მომხდარა. ასეთი ქმედებების დაუსჯელობა, ბუნებრივია, რისკებს აჩენს, რომ მსგავსი ქმედებები მომდევნო არჩევნების დროსაც განმეორდეს“ – აცხადებს ნაცვლიშვილი.
კონფერენციაზე საიამ 5 ძირითადი რეკომენდაცია წარმოადგინა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით მომდევნო არჩევნებისთვის უნდა შეიცვალოს: წინასაარჩევნო, არჩევნების დღის და შემდგომი პერიოდის დარღვევების დროული გამოძიება; არჩევნებში ჩართული უწყებების კარგი საქმიანობა; ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ; სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ერთგბაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.
საია-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას საარჩევნო პროცესში ჩართული პირები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი