საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, დეცენტრალიზაცია, მუნიციპალიტეტების გაძლიერება და რეგიონების განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები ორივე შტო – პარლამენტიც და მთავრობაც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას დეცენტრალიზაციის მიმართულებით.
გაბუნია, ასევე, ეხმიანება პრემიერმინისტ გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივ თვითმმართველობებს, უფლებამოსილებებთან ერთად, სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტებიც აქვთ გადაცემული, შესაბამისად, ახლა ბალანსის დაცვაა საჭირო. პრემიერმა, აგრეთვე, თქვა, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივ დონეზე უკვე იმხელა უფლებამოსილებების დელეგირება მოახდინა, რომლის კომპეტენციაც მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის. ამიტომაც მეტი უფლებამოსილებების დელეგირება კორუფციულ და კომპეტენციის რისკებს ქმნის.
პრემიერის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე აფასებს, როგორც ხელისუფლების მზაობას, გაგრძელდეს თვითმმართველობის რეფორმა და დაიწყოს დეცენტრალიზაციის პროცესი. “მინდა, სრულიად ნათლად და მკაფიოდ ვთქვა, რომ ახალი პრემიერმინისტრის პირობებში, საქართველოს ხელისუფლებისთვის დეცენტრალიზაცია, მუნიციპალიტეტების გაძლიერება და რეგიონების განვითარება პრიორიტეტულ საკითხად რჩება”, – ამბობს გაბუნია.
კომიტეტის თავმჯდომარე იმ ექსპერტებსაც პასუხობს, რომლებიც თვლიან, რომ გახარიას განცხადება დეცენტრალიზაციის პროცესს დააზიანებს. ექსპერტები, რომლებიც უკვე ორი წელია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში არიან ჩართულნი, მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს უფლებამოსილებების, ფინანსების ფლობისა და ქონების განკარგვის მიმართულებით სერიოზული პრობლემები აქვთ, ამიტომაც ამ მიმართულებით დეცენტრალიზაციის პროცესი სასწრაფოდ არის დასაწყები. ისინი არც გახარიას იმ მოსაზრებას ეთანხმებიან, რომ უფლებამოსილებების დელეგირება ადგილებზე კომპეტენციისა და კორუფციის რისკებს გაზრდის. ექსპერტები ამბობენ, რომ 30 წელია, ყველა ხელისუფლება ამ არგუმენტს იშველიებს იმისათვის, რომ არ განხორციელდეს რეალური დეცენტრალიზაცია, რაც, ბუნებრივად, ძალაუფლების ცენტრიდან მუნიციპალურ დონეზე გადანაწილებასაც გულისხმობს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კი ფიქრობს, რომ დეცენტრალიზაციას დრო სჭირდება. “პრემიერმა სესიაზე თქვა, რომ მოვა დრო, როცა ფინანსური რესურსის სრული დელეგირებაც მოგვიწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის სრულფასოვანი დეცენტრალიზაციისთვის, მაგრამ ეს ვერ მოხდება დღეს, რაც ექსპერტებმაც შესანიშნავად იციან. ამას სჭირდება დრო და დიდი სამუშაო და ამისთვის ვმუშაობთ მთელი ხელისუფლება. პრემიერმა თქვა, რომ უნდა ვიმუშავოთ ამისთვის. ვფიქრობ ეს არ არის საკამათო ფრაზები და ეს არ უნდა იწვევდეს იმგვარ აღქმას, რომ თითქოს ხელისუფლება დეცენტრალიზაციის რეფორმას აჩერებს. რეფორმაზე მუშაობა გრძელდება და მე მადლობას ვეუბნები ყველას, ვინც ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია ამ პროცესში”, – აცხადებს გაბუნია.
როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ 2017 წელს, ჯერ კიდევ პრემიერ კვირიკაშვილის დროს დაიწყო და ამ დრომდე მუშავდება. მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცება თავდაპირველად 2017 წლის, შემდეგ კი 2018 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამჟამინდელი დაპირებით, მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს უნდა მოხდეს, თუმცა, დღეისათვის სტრატეგიის მხოლოდ სამუშაო ვერსიაა გამოქვეყნებული, რომელსაც საბოლოო სახე ჯერ მიღებული არ აქვს.