ახალციხეში გასული საუკუნის დასაწყისში აშენებულ ბაღს რეაბილიტაცია პირველად უტარდება

805

ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე არსებული №1 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი სრულად იცვლება, ამასთან, რემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, მუსიკის დარბაზი, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები და ეწყობა ადმინისტრაციული და სხვა აუცილებელი ოთახები. გარდა ამისა დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.

მათივე ცნობით, პროექტი შენობის ფასადის რეაბილიტაციას, ეზოს კეთილმოწყობას და საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობასაც ითვალისწინებს.

“გასული საუკუნის დასაწყისში აშენებულ შენობას, რომელიც საბავშვო ბაღისთვის, არქიტექტურულად შეუსაბამო იყო, კაპიტალური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს პირველად უტარდება. პროექტი 499 999 ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღში 4 ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას”, – ამბობენ ახალციხის მერიაში.