ხარაგაულის სოფლებში საუბნო გზები ბეტონის საფარით ეწყობა

1131

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულში, მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ნებოძირსა და ჭარტალში სასაფლაოების შემოღობვა მიმდინარეობს. დაიწყო ასევე, სოფელ დეისში სარიტუალო სახლის შეკეთება, რისთვისაც მასალები უკვე შეძენილია.

სოფელ ვარძიაში, კერძოდ, მეხუთე უბანში მიმდინარეობს სანიაღვრე არხის კაპიტალური მოწყობა, რომლის საშუალებითაც ცენტრალურ გზაზე ჩამომავალ ნიაღვარს მიეცემა მიმართულება და ბააკაშვილების ოჯახს ააცილებს ყოველი წვიმის დროს შექმნილ პრობლემებს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასევე, „დედა ღვთისა“- ს ტაძართან მდებარე სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

საუბნო გზებზე ბეტონის დასხმა დაიწყო ვარძიის მეორე უბანში, ჩიჩილიძეებისა და ლევიძეების უბანში. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 900 მეტრამდე ამორტიზებულ მონაკვეთს. ვარძიის საუბნო გზებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა სტიქიის ფონდით ფინანსდება. აღნიშნულ პროექტზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა, სამუშაოებს შპს „ალპედე“ ასრულებს.

სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები იყო ხარაგაულის მერისა და მერის წარმომადგენლების შეხვედრის თემა. შეხვედრაზე წყლის მილების განაწილების საკითხზე იმსჯელეს, რომელიც მერიამ სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაციის მიზნით შეიძინა. მილები დასაწყობებულია და წარმომადგენლები მოთხოვნების შესაბამისად გაანაწილებენ მოსახლეობაში.