ბათუმში, სადაც სულ 32 ბაღი ფუნქციონირებს, 1 600 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა 8 095-ია; სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება 2 595-მა ბავშვმა დაასრულა, მათ ადგილას 2 479 აღსაზრდელი ჩაირიცხა. ამ დროისთვის ვაკანტური მხოლოდ 116 ადგილია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბაღის მიღმა დარჩენილი ბავშვებიდან, შესაძლოა, ნაწილი ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ მიიღონ, დანარჩენები კი რიგს დაელოდებიან. მათივე ინფორმაციით, გასულ წლებში ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. ბაღის გარეშე ბავშვების დარჩენის მიზეზად ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ასახელებენ.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თქვა, პრობლემის მოსაგვარებლად ინფრასტრუქტურული ღონისძიებები იგეგმება.
“როგორც ბაღის, ასევე სკოლების დეფიციტი გვაქვს ქალაქში და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ. მერიის შესაბამისი სამსახურები ინფრასტრუქტურული ღონისძიებებს გეგმავენ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.