ბათუმში საბავშვო ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების მშობლები განმარტებებს ითხოვენ

643

წინა სტატია

ბათუმში საბავშვო ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების მშობლები განმარტებებს ითხოვენ. რამდენიმე მათგანი ბაღების გაერთიანებაში იმყოფება. მათი თქმით, ბავშვები თავდაპირველად სიაში იყვნენ, შემდეგ კი სიიდან ამოიღეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„გამოგვრიცხეს უკან, რადგან გვითხრეს, რომ ეს ბაღი არ ეკუთვნის თქვენს უბანსო. არ ვიცი რა გავაკეთოთ, დირექტორს დაველაპარაკები და თუ რამე იქნება შესაძლებლობა, ვთხოვთ, სადმე ჩაგვსვან. სამი ბავშვი მყავს და მათი კერძო ბაღში მიყვანა ხარჯებთანაა დაკავშირებული. უკვე 9 თვეა რიგს ველოდებით,” – განაცხადა სალომე სურმანიძემ.

ბათუმში ბაღს მიღმა წელს 1600 ბავშვი დარჩა. ბაღების გაერთიანებაში მიზეზად მოსახლეობის ზრდას, მათ შორის სოფლებიდან მიგრაციას ასახელებენ.

„1600-მდე ბავშვი დაგვრჩა ბაღს მიღმა. მონაცემები ჯერ კიდევ შეიცვლება, მიდის ჩარიცხვა-ამორიცხვა-მობილობის პროცესი. ბუნებრივ ნამატთან ერთად მიგრაციული პროცესებია. ქალაქი ძალიან სწრაფად იზრდება, სოფლიდან ქალაქად მიდიან და ბაღს მიღმა გვრჩება ბავშვები. მაქსიმუმ ერთი წელი უწევთ მოქალაქეებს რიგში დგომა. ბაღების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ახლაც დაწყებულია ლერმონტოვის ქუჩაზეა ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება”,- განაცხადა ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა შამილიშვილმა.

პრობლემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც ისაუბრა.

„ქალაქში როგორც ბაღის, ასევე სკოლების დეფიციტი გვაქვს. ვმუშაობთ, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში სულ 32 ბაღი ფუნქციონირებს. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა 8095-ია. ვაკანტური მხოლოდ 116 ადგილია.