ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, – ამის შესახებ საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკმა განაცხადა, რითაც ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება შეაფასა იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსია, რამდენად მისაღებია მისთვის ნატო-ში აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ გარეშე გაწევრიანება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ვოლსკის თქმით, ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერცერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება.
“იცით, სადაო თემაა. არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ეს საზოგადოების საერთო კონსენსუსი უნდა იყოს, დამატებით კომენტარებს და განმარტებებს საჭიროებს. ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერცერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება. დარწმუნებული ვარ, ემოციურად ყველა ასეა განწყობილი, რომელ პოლიტიკურ ფლანგზეც არ უნდა იდგნენ. თუ ეს ამას უპირისპირდება, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხის მეორე მხარე არსებობს, როცა ვამბობთ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მოლაპარაკებებით მოვაგვარებთ. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, მხარს უჭერს და ჩვენთან ერთად იღწვის, რომ ეს სამართლიანობა აღდგეს,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე – კითხვაა, რა არის უფრო სარისკო, ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება ნატო-ს შესაძლო წევრობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმე, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.