ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი თანამშრომელი დაემატება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე – შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტი. გადაწყვეტილება წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
კერძოდ, მამუკა წოწერიას თქმით, შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირველი სექტემბრიდან გაჩნდა ვალდებულება, ჰყავდეთ კადრი, რომელიც სპეციალიზირებული იქნება შრომის უსაფრთხოებაზე. ეს იქნება შესაბამისი სერთიფიკატის და აკრედიტაციის მქონე პირი, რომელმაც შრომითი პირობების დაცვა, კონტროლი უნდა უზრუნველყოს.
“ეს იქნება დროებითი მოვალეობის შემსრულებლის შტატი და ხელშეკრულებას გავუფორმებთ. მაგრამ ეს პირი აუცილებლად უნდა გადამზადდეს აკრედიტირებულ დაწესებულებაში, რომ ჰქონდეს შესაბამისი სერთიფიკატი და მოემსახუროს საკრებულოს, რომელიც ჩამოაყალიბებს იმ ნორმებს, რომელიც აუცილებელია შრომის უსაფრთხოებისთვის”, – განმარტა მამუკა წოწერიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, იგივე ცვლილება იგეგმება მერიასა და ააიპ-ებში. აააიპ-ებს, როგორც აღნიშნა, ცალკე განყოფილების შექმნის ვალდებულება აქვთ. განსაკუთრებით იქ, სადაც ადამიანები ფიზიკურად შრომობენ და ეს შრომა გარკვეული საფრთხის და რისკის შემცველია. თუმცა რამდენი შტატი შეიქმნება, რეორგანიზაციის შემდგომ გაირკვევა. მამუკა წოწერიას განმარტებით, შესაძლოა გადამზადდნენ ამ ააიპ-ებში უკვე დასაქმებული პირები და დამატებითი განყოფილების ჩამოყალიბება არ გახდეს საჭირო.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი მერიას და შრომის უსაფრთხოების ინსპექციას წარუდგენს დარღვევების შესახებ ინფორმაციას.
ზუგდიდში შესაბამიის აკრედიტირებული ორგანო, რომელიც ადამიანის ამ კუთხით გადამზადებას შეძლებს, არ არის, ამიტომ მას შესაბამისი ცოდნის მიღება თბილისში, ან ქვეყნის სხვა ქალაქში შეეძლება, სადაც მსგავსი სერვისი მოქმედებს.