ბაკურიანის ურბანული განახლების და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო

853

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაკურიანის ურბანული განახლებისა და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე ხელშეკრულება გააფორმა.

“პროექტის ფარგლებში შემუშავდება ბაკურიანის ურბანული განახლების და სატრანსპორტო გეგმები. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, შესასწავლი და შესამუშავებელი იქნება კომფორტული სატრანსპორტო მოძრაობის/მობილობის გეგმა კურორტის ყველა მიმართულებით. კერძოდ, გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის, ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის და ავტოსადგომების მოწყობის პროექტები. ხოლო, შემდგომ ეტაპზე, ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად, მომზადდება შიდა გზების, მთავარი ქუჩების და შენობების ფასადების რეაბილიტაციის (მათ შორის, აღმაშენებლის ქუჩის), მდინარის გასწვრივ საფეხმავლო და საველოსიპედე მარშრუტების, მიმდებარე ტერიტორიისა და სარეკრეაციო ზონების კეთილმოწყობის დეტალური პროექტები. შემუშავებულ პროექტებზე დაყრდნობით, განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები.

ბაკურიანის ურბანული განახლების და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს, JV of EGIS International (France, Leader), Egis Villes & Transports (France, Member) and Engineering Monitoring Group LLC (Georgia, Sub-Consultant), წარმომადგენელმა არნო დე რუგიმ”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მატივე ცნობით, პროექტირების დასრულება 2020 წლის მაისშია დაგეგმილი. კონტრაქტი კონსულტანტს ასევე ავალდებულებს დეტალური დიზაინის დასრულების შემდგომ, 18 თვის განმავლობაში გაუწიოს ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოებს.