სენაკის მერიამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 თვეში 81 200 ლარი დახარჯა

786

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს და ბოლო 6 თვის განმავლობაში, 2019 წლის იანვრიდან დღემდე, მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად, 200 სოციალურად დაუცველი და მეურვეობამოკლებული მოქალაქის კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება, რისთვისაც 81 200 ლარი დაიხარჯა.

სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ პირველად ამოქმედდა ბავშვთა კვების ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის 80 ლარის ოდენობით, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა მოხდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული დახმარება ორმა ბენეფიციარმა მიიღო.

გარდა ამისა, ხანძრის შედეგად დაზარალებულ 9 მოქალაქეზე ჯამში 19 000 ლარი გაიცა.

ასევე, სენაკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე სამ ბენეფიციარს ფინანსური დახმარება გაეწია. 6 თვის მანძილზე, გაწეულმა დახმარებამ 6 600 ლარი შეადგინა.

იანვრიდან დღემდე, ჯანმრთელობაგაუარესებული 487 მოქალაქის სამედიცინო მომსახურებაზე 215 300 ლარი დაიხარჯა.

115 ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდა ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსები, ასევე – მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები.

სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ასი წლის ასაკის ორ მოქალაქეს 300-300 ლარი, 9 მაისს, სამამულო ომის სამ ვეტერანს – 500-500 ლარი, 26 მაისს – 15 ჩერნობილელს 100-100 ლარი გადაეცათ.

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ 24 მოქალაქეს, დიალიზის ცენტრამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური 130 ლარი დაუფინანსდა, რამაც პირველ და მეორე კვარტალში 17 900 ლარი შეადგინა.

315 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს გაეწია უფასო მედიკამენტური დახმარება.

იშვიათი დაავადების მქონე შვიდმა მოზარდმა მიიღო კვარტალური დახმარება 350 ლარის ოდენობით.

52 მრავალშვილიან ოჯახს, 16 820 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია.

დედ-მამით ობოლ სამ ბავშვზე გაიცა კვარტალური დახმარება 150 -150 ლარის ოდენობით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 67 ბენეფიციარზე ჯამში 7 700 ლარის დახმარება გაიცა.

გარდაცვლილ დევნილ მოქალაქეთა და ომის ვეტერანთა 37 ოჯახს 7 350 ლარის სარიტუალო მომსახურეობა გაეწია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ეპიდ. ზედამხედველობის, იმუნიზაციისა და პარაზიტოლოგიის კუთხით 72 200 ლარის მომსახურეობა 8 500-მა ბენეფიციარმა მიიღო.

საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში, 64 სოციალურად დაუცველ ოჯახს, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციოდ საამშენებლო მასალები გადაეცა, რისთვისაც, იანვრიდან დღემდე, 90 600 ლარი დაიხარჯა.