ცაიშის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

1231

ზუგდიდის სოფელ ცაიშში მდებარე “ქვის თაღოვან ხიდს” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ზუგდიდის მერიის ცნობით, ხიდი ქვის თაღოვანი, ე. წ. “თამარის ხიდის’’ კატეგორიას მიეკუთვნება და ნაშენია რიყისა და კირქვის კონგლომერატით.

დეკორატიულად გამოყენებულია თლილი კირქვის მასალები. ამდენად, აღნიშნული ხიდი ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის ძეგლთა მეტად საყურადღებო ჯგუფს განეკუთვნება და ისტორიულად, წარმოადგენდა სავაჭრო – საქარავნო გზების ქსელის აუცილებელ ელემენტს.

ამჟამად, ეს ხიდი დაფარულია ბეტონის ფილით და თითქოს ამით დაცულია სატრანსპორტო მოძრავი საშუალებების ზემოქმედებისგან.

“ამ ეტაპზე, საზოგადოების საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაა მოხდეს ხიდის რეაბილიტაცია და ისტორიული იერსახის აღდგენა. ამ მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დაუკავშირდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საკუთრივ ამ ხიდის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის საექსპერტო დასკვნისა და შემდგომი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების მოსამზადებლად რეკომენდაციების მოსაზადებლად, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე ხიდის ისტორიულ მნიშვნელობის და შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად სპეციალისტების ჯგუფია გამოყოფილი.