ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განთავსდება, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, რეანომობილი ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში უკვე დღეიდან განათავსეს.
ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით, რეაგირების გეგმას ადგენს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სპეციალური სამოქმედო გეგმის დასახვა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების გახშირებას უკავშირდება.
“ბოლო დროინდელმა სავალალო გამოცდილებამ კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო. ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს. ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შევსებას კი, საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახური უზრუნველყოფს.
მინისტრის პირადი ხელმძღვანელობით უწყების შესაბამისი ქვედანაყოფები მუშაობას სასწრაფო დახმარებისთვის ახალ სალიცენზიო მოთხოვნებზე უმოკლეს ვადაში დაასრულებენ, რაც ამ სამსახურის განახლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოს, უკვე ძალაში შევიდა განახლებული სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. ახალი პირობები, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აკონკრეტებს მოთხოვნებს 4 დონის სამედიცინო დაწესებულებისთვის – ბაზისურიდან ყველაზე კომპლექსური გადაუდებელი დახმარების სერვისების გაწევის შესაძლებლობების განსაზღვრის თვალსაზრისით. სანებართვო პირობების ამოქმედება მაღალი ხარისხის სასიცოხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, შეამცირებს კრიტიკული ტრასპორტირების საჭიროებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპტიმალურ პირობებს შექმნის.
ღონისძიების ფარგლებში, რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება. კერძოდ, ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განთავსდება.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რაჭისთვის რეანომობილის გადაცემის მოთხოვნით პეტიციაც მოამზადეს.