მესტიის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა დავა სააპელაციოშიც მოუგო

916

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ მესტიის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, მანანა საღლიანის სარჩელის საფუძველზე დაწყებული დავის განხილვა დაასრულა. მან ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სასამართლომ ბათილად ცნო მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ბრძანება, მანანა საღლიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

მანანა საღლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ “მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ საქმიანობდა. ის სამსახურიდან 2018 წლის 29 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ახალი დირექტორის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, რის შემდეგაც მან სასამართლოს მიმართა.

კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან გათაისუფლებული თანამშრომლის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იცავდა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მანანა საღლიანი სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა. მოსარჩელე სასამართლოში მისი გათავისუფლების მოტივად, სწორედ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მის აქტიურობას უკავშირებდა.

ზუგდიდის სასამართლომ მარტში გააუქმა მესტიის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხელმძღვანელის, გეგი ფალიანის ბრძანება, თანამშრომლის, მანანა საღლიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ფალიანს მისი თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.