ფოთის სანაპიროსთვის გაფლანგული 6 მილიონის გამო ჯერ არავინ დასჯილა

2147

სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ

ავტორი:  ელისო ჯანაშია

ფოთში მალთაყვის სანაპირო დღეს გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ, მიტოვებულ საფლავებს წააგავს. ნახევრადამოშენებულ ბეტონის კედლებში სარეველა ბალახია ამოსული. ამაში ჩვენი ჯიბეებიდან 6.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. მთავარი კი ისაა, რომ მშენებლობა მიტოვებულია და არც გაგრძელდება.

4 წლის წინ, ეს პროექტი ხელისუფლებამ ზარ-ზეიმით დაიწყო და ამისათვის, ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარიც გამოყო.

პროექტის დასრულების ვადა ბევრჯერ შეიცვალა. ხელშეკრულებებშიც ბევრი ცვლილება შევიდა. მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციაზე სხვადასხვა დროს ორი კომპანია “ზრუნავდა.“ მიუხედავად ამდენი მცდელობისა,პროექტი დღესაც გაჩერებულია. ხოლო რაც აშენდა, ისიც ღია სივრცეშია და ფუჭდება. მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის საქმეს ფინანსური პოლიცია მარტიდან სწავლობს, მაგრამ გამოძიებას რეალური შედეგი ჯერ არ აქვს.

პირველი ტენდერი 2015 წელს გამოცხადდა, რომელშიც აზერბაიჯანულმა კომპანიამ, შპს “პირამიდა ფ.რ.-მ” გაიმარჯვა. პროექტის საერთო ღირებულება მაშინ 4.2 მილიონი ლარი იყო.

შპს “პირამიდას“ სამუშაოები, წესით, 2016 წლის სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა. თუმცა, ერთი წლით გადააცილა და ყველაფერი უამინდობას დააბრალა. ამის გამო პროექტსა და ხელშეკრულებაში ცვლილებები 10-ჯერ შეიტანეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასების თანახმად, ამ ტენდერში შპს “პირამიდას“ გამარჯვება კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან კომპანია ახალი დაფუძნებული იყო და გამოცდილება არ ჰქონდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც წერია, რომ მერიის პასუხისმგებელი პირები ამ ტენდერის ჩატარებისას სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ და ჩაიბარეს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ამაში გადაიხადეს 4.1 მილიონი ლარი და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაც კი არ თხოვეს კომპანიას, რომელსაც ამის ვალდებულება საგარანტიო პირობების თანახმად გააჩნდა.

ფოთის მერი 2015 წელს, როდესაც ტენდერი ჩატარდა, ირაკლი კაკულია იყო. ახლა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეა. ჩვენ მოვიპოვეთ კაკულიას მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები. მერი იბარებდა იმ სამუშაოებს, რაც შესრულებული არ იყო. სამუშაოები ბოლოს 2017 წლის ნოემბერში ჩაიბარა მერიამ.

რა არის შპს “პირამიდა ფ.რ.“?

შპს “პირამიდა“ სულ 38 ტენდერში მონაწილეობდა და მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება 15.3 მილიონი ლარია.

2017 წლის მარტში კომპანია გაფრთხილებულთა სიაშიც იყო. მიუხედავად ამისა, დღემდე იგებს ტენდერებს. მაგალითად, 2019 წლის აპრილში, კომპანიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ 813 ათას ლარიანი ტენდერში გაიმარჯვა და ჭყვიშში გზები უნდა დაეგო. ასევე, წელს აპრლში გაიმარჯვა ქუთაისის არასახიფათო ნაგავსაყრელის პოლიგონის სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოების ტენდერში, რომლის ღირებულებაც 360 ათასი ლარია. კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 15 მილიონს აღემატება.

შპს “პირამიდა“ ოზურგეთშიც იგებდა ტენდერებს. 2016 წელს ოთხი დიდი პროექტი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულება 5.9 მილიონი ლარი იყო. კომპანიამ ოთხი პროექტიდან მხოლოდ ერთის დასრულება შეძლო, ისიც 200 დღიანი ვადაგადაცილების შემდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 2016 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ „შპს პირამიდას“ ტექნიკური მენეჯერისგან, ქრთამის სახით, 50 ათასი ლარი მიიღო. ქრთამის სანაცვლოდ ქალაქის მთავრობას შეუსრულებელ სამუშაოებზე თვალი უნდა დაეხუჭა და ვადები გაეგრძელებინა.

რა ბედი ელის მალთაყვის სანაპირო ზოლს?

მას შემდეგ, რაც შპს “პირამიდასთან“ ურთიერთობა გაწყდა, ფოთის მერიამ ამავე პროექტის გასაგრძელებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა. ახლა უკვე შპს “ანტსტროი ლტდ 2016-მა“ გაიმარჯვა. “კომპანიამ სამუშაოებისთვის გამოყოფილი 3.8 მილიონი ლარიდან 2.1 აითვისა. კომპანიასთან ხელშეკრულება სამუშაოების შეუსრულებლობის გამო რამდენიმე თვეში გაწყდა, რის შემდეგაც კომპანიამ პირგასამტეხლოს სახით 191 ათასი ლარი უკან დააბრუნა,“- გვეუბნება ფოთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, ვასილ თოდუა. მისივე თქმით, დარჩენილი თანხა სხვა მიმართულებით უნდა დახარჯონ, ვინაიდან პროექტი შეჩერდა.

მალთაყვის ზოლის რეაბილიტაციისთვის განხორციელებული სამუშაოების ხარისხსს შპს “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ ამოწმებდა, წერია აუდიტის დასკვნაში. კომპანიის დირექტორმა, დავით ჯიბლაძემ 2014, 2016 და 2017 წლებში “ქართულ ოცნებას,“ ჯამში, 29 ათასი ლარი შეწირა.

სტატია ქვეყნდება “ღია საზოგადოების” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.