ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

919

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხომერიკმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა შეაფასა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. “ნაციონალური მოძრაობის“ მეორე წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე მივიდა ტრანსფარანტებით – “გახარია წადი“, “შეწყვიტეთ რეპრესიები“ და სხდომის დასრულებამდე ფეხზე იდგა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დავტოვე სხდომა. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. საქართველოში პოლიტპატიმრების გაჩენით, ტელევიზიების წართმევით ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება. სულ არ გამიკვირდება, გამოაცხადონ ერთ დღეს, რომ საქართველოს ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში და კალაძემ გაიტანა გადამწყვეტი გოლი. დღეს ფოთში ფეხბურთი იღუპება. ამ თემაზე უნდა მელაპარაკა, მაგრამ იმ დროს როდესაც ქვეყანაში რეპრესიებია დაწყებული და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება, ფეხბურთზე ლაპარაკი უპრიანი იყო. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა შს მინისტრის გადადგომა, ჩვენ ასევე ვუერთდებით 20 ივნისს დაწყებულ აქციებს და ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს. მომავალ სხდომას დავესწრები თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები,“- განაცხადა დავით ხომერიკმა.

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას თქმით, ოპოზიციის პროტესტი უსაფუძვლოა.

“ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი აზრი, მითუმეტეს ოპოზიციურ პარტიებს. განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ცილისწამებას, პირად შეურაცხყოფას, არ ვეთანხმებით“,-აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.