გამოკითხულთა 44%-მა არ იცის, რა არის დედაქალაქის მერის მთავარი მიღწევა, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაში წერია.
კითხვაზე, რა არის კახა კალაძის 2 ყველაზე მთავარი მიღწევა, გამოკითხულ თბილისელთა ყველაზე მეტი – 44% ამბობს, რომ არ იცის, ან არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა. გამოკითხულთა 17% კი თვლის, რომ კალაძეს დედაქალაქის მერის რანგში მიღწევა არ აქვს.
რაც შეეხება მიღწევებს, რომლებსაც გამოკითხულები ასახელებენ, ასე გამოიყურება:
სკვერებისა და პარკების სისუფთავეს კალაძის მიღწევად მიიჩნევს გამოკითხულ თბილისელთა 10%, ახალ ავტობუსებს – 9%, ინფრასტრქუტურის გაუმჯობესებას – 8%, გზების მოწესრიგებას – 7%, ქუჩების აღდგენას – 6%, ხოლო დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვას – 4%.
3-3% ფიქრობს, რომ დედაქალაქის მერის ყველაზე დიდი მიღწევა მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, მოსახლეობაზე ზრუნვა და ორბელიანის მოედნის რესტავრაციაა; 2-2% კალაძის წარმატებად რეკრეაციული ტერიტორიების მოწესრიგებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვას და ავტოდაზღვევას მიიჩნევს; თითო პროცენტისთვის მთავარ მიღწევას განათლების ხელშეწყობა, გზებისა და ქალაქის სისუფთავე და გამწვანება წარმოადგნეს, ხოლო 6% ამბობს, რომ “სხვა” მიღწევები აქვს, თუმცა, კვლევაში ეს დაკონკრეტებული არ არის.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა თბილისელებს, ასევე, ჰკითხა, თუ რა პრობლემების მოგვარებას ურჩევენ კახა კალაძეს პირველ რიგში. როგორც აღმოჩნდა, პირველი სამი საკითხი, რომლის მოგვარებასაც დედაქალაქის მერს თბილისელები სთხოვენ, უმუშევრობა, ეკოლოგიური მდგომარეობა და უსახური შენობების პრობლემაა.
გამოკითხვა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 20 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვა ერთდროულად თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდა და 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი კი არ აღემატება 2.5%-ს.