კალაძეს თბილისელები უმუშევრობის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და უსახური შენობების პრობლემის მოგვარებას სთხოვენ

854

წინა სტატია

პირველი სამი საკითხი, რომლის მოგვარებასაც დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს თბილისელები სთხოვენ, უმუშევრობა, ეკოლოგიური მდგომარეობა და უსახური შენობების პრობლემაა, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ.

კითხვაზე, რა არის 2 ძირითადი პრობლემა, რომლის მოგვარებითაც კალაძეს მიმართავდით, გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას კალაძეს გამოკითხული თბილისელების 21% სთხოვს; 20%-ისთვის მთავარი საკითხი, რასაც მერმა ყურადღება უნდა მიაქციოს, ეკოლოგიაა; უსახური შენობების პრობლემაზე საუბრობს გამოკითხულთა 16%, ხოლო ზოგადად ინფრასტრუქტურას პრობლემად მიიჩნევს გამოკითხულთა 14%.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საცობების პრობლემის მოგვარებას სთხოვს კალაძეს გამოკითხულ თბილისელთა 12-12%, ხოლო 8-8% სოციალურ პრობლემებსა და გამწვანებაზე ამახვილებს;

7-7% ყველაზე აქტუალურ პრობლემად მაღალ გადასახადებსა და გზების მდგომარეობას მიიჩევს, ხოლო 4-4%-ისთვის მთავარი მოსაგვარებელი საკითხებია: ქალაქის კეთილმოწყობა, დაბალი პენსიები, სკვერებისა და პარკების დასუფთავება და სიღარიბე.

გამოკითხულთა 3% კალაძეს ხალხზე ზრუნვას სთხოვს, 2-2% პარკირების საკითხის გაუმჯობესებას, ანტისანიტარიის აღმოფხვრას, მაღალი ფასების დარეგულირებას, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასა და ჯანდაცვის საკითხების გაუმჯობესებას ითხოვს, ხოლო 1-1% პრობლემად ხელისუფლებაში არაპროფესიონალების ყოფნას, კრიმინალს, დაბალ ხელფასებს, დანგრეულ სახლებს ასახელებს.

გამოკითხულ თბილისელთა 10% აცხადებს, რომ სხვა პრობლემებია, თუმცა, რა, კვლევაში დაკონკრეტებული არაა. ასევე, გამოკითხულთა 7%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს პასუხის გაცემა.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ პრობლემათა ერთი ნაწილი, რომლის მოგვარებასაც დედაქალაქის მერს სთხოვენ, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია არ არის. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, ასევე, გამოიკვლია, ზოგადად, რამდენად მიჯნავენ მოქალაქეები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების უფლებამოსილებებს.

გამოკითხვა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 20 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვა ერთდროულად თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდა და 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი კი არ აღემატება 2.5%-ს.