ზაალ უდუმაშვილი და მერია ზაჰესის ხიდთან დაკავშირებით ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ

532

თბილისის მერობის კანდიდატი  ზაალ უდუმაშვილი ზაჰესის ხიდზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, დაზიანებული ხიდი კიდევ ერთი სიმბოლოა იმ არაკომპეტენტურობისა და კორუფციის, რომელსაც თბილისის მერიაში აქვს ადგილი. უდუმაშვილის განცხადებით, თბილისის მერია პასუხისმგებელია იმ მილიონნახევარ ლარზე, რომელიც მერიამ შესაბამის კომპანიას ავანსად ხიდის რეაბილიტაციისთვის გადაუხადა.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ თბილისის მერიის მუშაობით და იმ ხელშეკრულებებით, რომელსაც მერია სხვადასხვა კომპანიებთან აფორმებს.

„ეს ხიდი კიდევ ერთი სიმბოლოა არაკომპეტენტურობის, ნეპოტიზმის და იმ კორუფციის, რომელიც დღეს მერიაშია. მილიონნახევარი ლარი ავანსად ჩაურიცხეს კომპანიას, რომელსაც ხიდი უნდა გაეკეთებინა, თუმცა ეს ფული დაიკარგა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ ტერიტორიაზე გვაქვს ორი უფუნქციოდ დარჩენილი ხიდი. ეს არის კარგი სიმბოლო თბილისის მერიის და ამ ხელისუფლების მუშაობის. სწორედ ამიტომ ვიბრძვი თბილისის მერობისთვის, რომ ყველა სამუშაო, რომელიც კეთდება, იყოს ხარისხიანი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ზაჰესში ახლადგახსნილი ხიდის დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოხდა. ისინი თბილისის მერიას ხიდის გამაგრებითი სამუშაოების დროულ და ხარისხიან ჩატარებას სთხოვენ.

მერიაში კი აცხადებენ, რომ  ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და  ხიდი ტექნიკურად სრულად გამართულია.  

“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ ტყუილია, ხიდი ტექნიკურად სრულად გამართულია, საგზაო მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, დაცულია უსაფრთხოების ზომები.

ზაჰესის ხიდის მშენებლობის დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად ხიდთან მისასვლელი გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და არა თავად ხიდი, კერძოდ, ღვარცოფმა გაარღვია ჯებირი და ჩამოშალა მიწა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მშენებლობა, რაც სამუშაოების თანმდევი პროცესია.

გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას და ნუ წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების გზით“. – აცხადებენ მერიაში.