უდუმაშვილი: ძალიან ბევრ ქალაქში გახარიას პარტიას უჭირავს ე.წ. ოქროს გასაღები – თუ ამ ძალას აქვს პრეტენზია, რომ ოპოზიციურია, მაშინ გასაგებია, რა პოზიციაც უნდა დაიკავოს

510

დღეს უსამართლობის სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი, რადგან არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში იჯდეს და მას ბიძინა ივანიშვილი ასამართლებდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული მასშტაბური აქცია ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

„2012 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბის აქცია არ მინახავს თბილისში, რომ ამ რაოდენობის ხალხი გამოსულიყოს. ეს არ იყო პარტიული აქცია. ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ არიან დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ან საერთოდ არც ერთი პარტიის მხარდამჭერები არ არიან, აქციაზე მოდიოდნენ იმიტომ, რომ უსამართლობას ხედავდნენ და არ უნდოდათ ამ უსამართლობასთან შეგუება. დღეს უსამართლობის სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი, რადგან დღეს არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში იჯდეს და მას ბიძინა ივანიშვილი ასამართლებდეს. ეს უკვე არის უსამართლობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასამართლებს. ბუნებრივია, ამასთან შეგუებას არავინ აპირებს, მითუმეტეს არც ჩვენ. დღეს შიმშილობის მე-18 დღეა. ბუნებრივია, ადამიანის ორგანიზმი რკინის არ არის და ის დიდხანს ვერ გაძლებს, ამიტომ, პოლიტიკური პროცესები რა თქმა უნდა, გასააქტიურებელია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული აქციები გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, პერმანენტული აქციები იქნება, თან არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც იმიტომ, რომ ეს ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია იმ სისტემასთან, რომელთანაც ჩვენ საქმე გვაქვს. პარალელურად, ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც ამ პროცესში უკვე აქტიურები არიან“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, დღეს პარტიას 2 მთავარი მიმართულება აქვს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება და მეორე, არჩევნების მეორე ტური. როგორც უდუმაშვილი აღნიშნავს, დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა აცნობიერებს იმას, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს.

„შეიძლება თბილისში ბევრი ადამიანი იყოს, ვისაც ნიკა მელია შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რა შეიძლება მოჰყვეს იმას, თუ კალაძე და ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ამას ქვეყნისთვის რა შეიძლება მოჰყვეს, სწორედ აქედან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ არჩევანი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ განიხილება გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შესაძლო თანამშრომლობის საკითხი, ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რომ ჯერჯერობით კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით კონსულტაციები არ მიმდინარეობს, მაგრამ ახლა ყველაფერი ამ პოლიტიკურ ძალაზეა დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დაიკავებს. თუ ამ პარტიას აქვს პრეტენზია, რომ ოპოზიციურია, თუ ამ პარტიის მთავარი ამოცანა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, მაშინ გასაგებია, რა პოზიციაც უნდა დაიკავოს. ძალიან ბევრ ქალაქში მათ უჭირავთ ე.წ. ოქროს გასაღები, როგორ გამოიყენებენ ამ გასაღებს, ეს ძალიან მალე გამოჩნდება“,-განაცხადა უდუმაშვილმა.