ვინ ჩაანაცვლებს გრიგოლ ვაშაძეს ფასილიტატორებთან მოლაპარაკებაზე — უდუმაშვილის პასუხი

450

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გრიგოლ ვაშაძეს ჩაანაცვლებენ. ვაშაძემ, რომელიც ენმ-ს თავმჯდომარე იყო, პარტია დატოვა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

უდუმაშვილის თქმით, შესაძლოა, ვაშაძის ნაცვლად შეხვედრაზე ნიკა მელია და კობა ნაყოფია წავიდნენ.

“[მოლაპარაკებებზე] იქნება აღმასრულებელი მდივანი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც, ეს ორი ადამიანი ჩანაცვლებს გრიგოლ ვაშაძეს მოლაპარაკებებზე — ნიკა მელია, კობა ნაყოფია. ან ნიკა მელია, ან კობა ნაყოფია, ამას გადავწყვიტავთ, როცა დაინიშნება მოლაპარაკებები”, — განაცხადა მან პოლიტიკის ფორმულაში ინტერვიუს დროს.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერ არ განიხილავენ, ვინ ჩანააცვლებს ვაშაძეს თავმჯდომარის პოსტზე.

“სათქმელადაც არ არის ჯერ [ვინ შეცვლის ვაშაძეს თავმჯდომარის პოსტზე]. ახლა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს მთლიანად ოპოზიციაში… პარტიას ყავს 2 აღმასრულებელი ორგანო: პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი სამდივნო, რომელიც მართავს პარტიას და ეს არ ქმნის პრობლემას.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. ვაშაძემ ნაწილობრივ ისაუბრა წასვლის მიზეზებზეც. მან აღნიშნა რომ, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს.

მისივე თქმით, ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც კარგა ხანია თითქოს და ჩააბარეს წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, იმეგობრებს, მანვე აღნიშნა ,რომ ასე ვერასდროს ვერ მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას.