თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შეჩერება და “საარჩევნო კოდექსში” ნაჩქარევად ინიცირებული ცვლილებები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მომავალ არჩევნებზე მუნიციპალიტეტებზე კონტროლის გაიოლებას ცდილობს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საკრებულოს წევრის თქმით, მიმდინარე წლის 15 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა 14 მუნიციპალიტეტი გააუქმა და ისინი 7 ახალ ერთეულად გააერთიანა. მისივე თქმით, ეს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია.
“თვითმმართველი ქალაქების სტატუსი დაკარგა: ზუგდიდმა, ოზურგეთმა, გორმა, ამბროლაურმა, თელავმა, ახალციხემ და მცხეთამ, მათ შეუერთდა ამავე დასახელების სათემო მუნიციპალიტეტები. ეს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან მათი გაყოფა 2014 წელს რეფორმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ევროსტრუქტურების მიერ დადებითად იყო შეფასებული.
დეცენტრალიზაციის პროცესის გაგრძელების ნაცვლად, ხელისუფლება ყოველგვარი დამაჯერებელი დასაბუთების გარეშე, ძალდატანებით, მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად დგამს ნაბიჯს, რის შედეგადაც მკვეთრად გაუარესდება მუნიციპალური სერვისები, ვერ მოხდება ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება, გაძნელდება მოქალაქეთა მონაწილეობის ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ორგანოებთან.
ყოველივე ამით ირღვევა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების კონსტიტუციური პრინციპი და „ევროპული ქარტიით“ საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულება. ასევე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, მოსახლეობასთან არ ჩატარებულა სათანადო კონსულტაციები და საჯარო განხილვა. ხმაურიანი საკრებულოს სხდომები კი აშკარა ზეწოლის ქვეშ ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების ინიციატივას იმთავითვე გამოეხმაურა 120-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა არ ყოფილიყო მიღებული ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამაოდ.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური მოტივებით უარი თქვა თავისივე განხორციელებულ რეფორმაზე, რათა გაიადვილოს ამ მუნიციპალიტეტებზე კონტროლი მომავალ არჩევნებზე, რაზეც მიუთითებს ახლახანს ნაჩქარევად ინიცირებული ანტიდემოკრატიული ცვლილებები საარჩევნო კოდექსშიც”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
წყარო: ინეტრპრესნიუსი