დაშლილი სუს-ი და შერიფები საქართველოში – ოპოზიციური თანხმობა მართლმსაჯულების რეფორმაზე

957

ნეტგაზეთი

ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის უკვე არსებობს ზეპირი შეთანხმება, როგორ უნდა გატარდეს მართლმსაჯულების რეფორმა 2020 წლის არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში. სხვა პუნქტებთან ერთად, რეფორმა მოიცავს შსს-სა და პროკურატურის გარდაქმნას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადგილს კი, შეთანხმების მონაწილენი, ამ ფორმითა და ფუნქციებით, საერთოდ ვერ ხედავენ სისტემაში.

პროექტის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემაში ჩნდებიან არჩევითი შერიფები, არჩევითი ბრალმდებლის ინსტიტუტი და რამდენიმე ახალი უწყება. პარტიებმა აღნიშნული ინიციატივები არასამთავრობო სექტორთან ერთადაც განიხილეს, რა დროსაც, იდეების ნაწილის თანხვედრასთან ერთად, აზრთა სხვადასხვაობაც გამოიკვეთა.

ზემოაღნიშნული რეფორმის შინაარსზე ოპოზიცია ბორჯომში გამართულ კონსულტაციებზე შეთანხმდა. ამ ეტაპზე, შეთანხმების შინაარსს იზიარებენ “გირჩი”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დემოკრატიული საქართველო”.

შერიფები, რომელთაც თვითმმართველობების დონეზე აირჩევენ – რას გულისხმობს შსს-ს რეფორმა

ოპოზიცია ბორჯომში გამართულ კონსულტაციებზე შეთანხმდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისთვის, პირველ რიგში, მისი დეცენტრალიზაციაა საჭირო.

ამისთვის, შეთანხმების მონაწილე პარტიები ერთ-ერთ პირველ პირობად შინაგან საქმეთა მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილებას განიხილავენ. მარტივად რომ ვთქვათ, მათი პროექტის აღსრულების შემთხვევაში, მინისტრი აღარ იქნება პირველი პოლიციელი.

“ჩვენ გვაქვს ისეთი პოლიცია, რომელიც ერთი კაცის ჭკუაზე დადის და რასაც უნდა, იმას აკეთებს. მაგალითად, მე ცრუ მოწმე პოლიციელებმა გამასამართლეს და 10 დღით ციხეში ვიჯექი, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე.

ჩვენ ვიცით პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების უამრავი ფაქტი. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ პოლიცია მკაცრად ცენტრალიზებული უწყებაა. ჩვენ გვინდა ამ საბჭოთა სისტემის დაშლა და ადამიანების შემოყვანა გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, – აღნიშნავს “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სისტემაში ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად პარტიები შეთანხმდნენ ბიუროს შექმნაზე, რომელიც მხოლოდ ამ საკითხზე იმუშავებს. ხოლო იმისათვის, რომ უწყება მეტად დეცენტრალიზდეს, შედგა შეთანხმება, შეიქმნას შერიფის ინსტიტუტი, რომელსაც საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები ფარული კენჭისყრით აირჩევენ.

მაგალითად: ამჟამად, ჩხოროწყუში, ისევე როგორც, საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, პოლიციის უფროსს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს. ოპოზიციის ინიციატივის აღსრულების შემთხვევაში, პოლიციის უფროსის უფლებამოვალეობებს შეითავსებს შერიფი, რომელსაც მოქალაქეები ისევე აირჩევენ, როგორც, მაგალითად, ქალაქის მერს.

გასულ კვირას, როდესაც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით იდეებს ცვლიდნენ, აზრთა სხვადასხვაობა, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ  შერიფის ნაწილზე გამოიკვეთა.

აღნიშნული თანამდებობა საუკუნეების მანძილზე არსებობდა და არსებობს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. მისი ქართულ მართლმსაჯულებაში შემოტანის იდეა “გირჩს” ეკუთვნის, შემდგომ კი ინიციატივას სხვა პარტიებმაც დაუჭირეს მხარი.

“ახლა გვყავს ერთი პოლიციის უფროსი, რომელიც მარტვილშიც, ჩხოროწყუშიც, კახეთშიც და სამცხე-ჯავახეთშიც ნიშნავს ერთნაირ პოლიციის უფროსს, სისტემისგან დანიშნულ პოლიციელს, რომელიც ერთნაირი მორალით მოძრაობს ყველგან, არ ითვალისწინებს ადგილობრივ სპეციფიკას და ერთადერთი კრიტერიუმი [მისთვის] არის ერთგულების ნიშანი”, – ამბობს “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, ამის საპირისპიროდ, პარტიებს სურთ, ხალხმა თავად აირჩიოს ნდობით აღჭურვილი პირები – შერიფები – ადგილობრივ დონეზე. ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამ გზით “ძალაუფლების ცენტრი დაიშლება” და სისტემას ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვეღარ გააკონტროლებს.

“შეცდომები იქნება, ცხადია, თუმცა ყველაგან არა. და ზოგიერთი ადგილის მეშვეობით, რომელიც წარმატებული იქნება და სადაც სათანადო ადამიანებს აირჩევენ, გვექნება დაკვირვების საშუალება.

მაგალითად, თუ ჩხოროწყუმ აირჩია პოლიციის კარგი უფროსი და მარტვილმა – არა, გვექნება დრო, რომ 2 ან 3 წლის შემდეგ, როცა შემდეგი არჩევნები იქნება, მარტვილელებმაც მიბაძონ ჩხოროწყუელებს და იმავე პრინციპით აირჩიონ თავიანთი პოლიციის უფროსი”, – ეუბნება “გირჩის” ლიდერი “ნეტგაზეთს”.

ოპოზიციის იდეა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-სთვის მიუღებელი არ არის, თუმცა იურისტ გურო იმნაძეს მიაჩნია, რომ შერიფების ინსტიტუტის შექმნამდე, შემდეგ კი, მის ჩატანამდე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ზოგადი კონტექსტის გააზრება და სისტემის სპეციფიკის შესწავლაა საჭირო. მისი თქმით, მსგავსი პროექტის უპირველესი წინაპირობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაა.

“თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა არ გატარდება ამ ქვეყანაში ფუნდამენტურად და ძლიერი თვითმმართველობები არ გვეყოლება, მხოლოდ და მხოლოდ შერიფის ინსტიტუტის ადგილობრივ დონეზე გადატანა და მისი არჩევითობა პირიქით შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს და მივიღოთ ადგილობრივ დონეზე მაღალი ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომელთა მიმართაც არ არსებობს ანგარიშვალდებულების საკმარისი მექანიზმები”, – ამბობს ის.

სხვა მხრივ, იმნაძე იზიარებს ოპოზიციის იდეებს სისტემის დეცენტრალიზაციისა და მინისტრის უფლებამოსილების შეკვეცის კუთხით.

NGO-ებისა და ოპოზიციური პარტიების დისკუსიას იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი სანდრო ბარამიძეც ესწრებოდა. ის თანამშრომლობს “ევროპულ საქართველოსთან”, რომელიც შეთანხმების ყველა პუნქტს მხარს უჭერს. თუმცა, თავად ბარამიძეს შერიფების ნაწილზე განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ ინსტიტუტის ადგილს ქართულ რეალობაში ვერ ხედავს, რასაც ქართული დემოკრატიის მცირე ტრადიციითა და  “ადგილობრივი გავლენებით” ხსნის.

“მაჟორიტარული სისტემის მოშლაც იმიტომ გვინდოდა, რომ ამ ხალხის ერთადერთი მიზანი თავიანთი ბიზნეს ინტერესების ლობირება და თავიანთი კანონიერი თუ უკანონო საქმიანობისთვის რაღაც საფარველის შექმნა იყო. მაჟორიტარული კანდიდატების არჩევნები რომ ბოლომდე არჩევნები  არ იყო და ყოველთვის იყო დამოკიდებული ვიღაც ადგილობრივ ფეოდალებზე, ესეც ცხადია. ამ ადგილობრივ ფეოდალებს ისღა აკლიათ, პოლიციური უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების არჩევნებიც თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციონ”, – ამბობს ის.

აღნიშნულს იდეის ავტორები არ ეთანხმებიან. იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ეს მოდელი გარანტირებულად ჩამოშლის ერთპარტიულ სისტემას, რაც, მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულების უმთავრესი გამოწვევაა.

იხილეთ სტატია სრულად