თვითმმართველობა: რა ხედვები აქვთ პარტიებს?

841

“ნეტგაზეთი”

ავტორი: ზურა მენაღარიშვილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. პარტიების ნაწილმა საზოგადოებას საკუთარი ხედვები უკვე გააცნო, ნაწილი კი საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნებას დღედღეზე გეგმავს.

რას ფიქრობენ ქართული პოლიტიკური პარტიები თვითმმართველობის რეფორმაზე – რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად ითვლება წინასაარჩევნოდ – და რამდენად შეესაბამება მათი ხედვები რეალურ გამოწვევებს?!

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ნეტგაზეთმა შეისწავლა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები და ესაუბრა მათ წარმომადგენლებს.

რას ამბობენ პარტიები?

დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდიდან დღემდე, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული არაერთი, ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკა გატარდა. დღესდღეისობით თვითმმართველობის კოდექსი თვითმმართველობას განმარტავს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უფლებასა და შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ხოლო თვითმმართველ ერთეულად ასახელებს მუნიციპალიტეტს.

გარდა კოდექსისა, საქართველოში თვითმმართველობის ფუნქციონირების საკითხი კონსტიტუციითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიითაც განისაზღვრება, რომელიც ძალაში 2005 წლის აპრილიდან შევიდა.

2014 წლიდან დაიწყო თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას, თვითმმართველობების ფინანსურ გაძლიერებას, უფლებრივ დელეგირებას, ორდონიანი მმართველობისა და ახალი თვითმმართველი ერთეულების შექმნას. თუმცა, როგორც თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის “სამოქალაქო კულტურული ცენტრის” ანგარიშშია ასახული, ვერ მოხერხდა თვითმმართველობების ტერიტორიული ოპტიმიზაცია, არ შეიქმნა ორდონიანი სამხარეო მმართველობა და შენარჩუნდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორის პოზიცია, დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში არ ჩამოყალიბებულა ადგილობრივი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, არ დასრულებულა ადგილობრივი თვითმმართველობების საარჩევნო წესის რეფორმა და არ მომხდარა მუნიციპალიტეტებისთვის საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ადგილზე დატოვება, ასევე არ მომხდარა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტებისთვის ფართომასშტაბიანი გადაცემა.

თვითმმართველობის რეფორმირების საკითხი კვლავაც აქტუალურია ქართულ პოლიტიკურ წრეებში, თუმცა ზოგჯერ პარტიებს ცვლილებებთან დაკავირებით ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვა და სტრატეგია აქვთ.

მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში”აცხადებენ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაზე მეტად გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობის ხარისხი, რაც კვლავ გაგრძელდება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

„ჩვენ შევიმუშავეთ დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება უფლებრივ დეცენტრალიზაციაზე, სუბსიდიარობის პრინციპზე, ავტონომიურობაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე“, – აცხადებს ქართული ოცნების წევრი მერაბ ქვარაია.

დეპუტატის განცხადებით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაც აღნიშნულ სტრატეგიას დაეფუძნება და გამოყოფს სამ ძირითად მიმართულებას, მათ შორის:

  • ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებების გაზრდა;
  • თვითმმართველობების მატერიალური და ფინანსური გაძლიერება;
  • ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის კიდევ უფრო ზრდა.

მმართველი პარტიის წევრი არ გამორიცხავს ადგილობრივი შემოსავლების ზრდის მიზნით სახელმწიფო ქონების თვითმმართველობებისთვის გადაცემის შესაძლებლობასაც.

ნეტგაზეთის კითხვაზე, აქამდე რატომ არ განხორციელდა ის ცვლილებები, რომლებზეც ამჟამადაა საუბარი? დეპუტატი პასუხობს, რომ ქართული ოცნება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად მიჰყვება დაგეგმილ ცვლილებებს.

„თუ გადავხედავთ ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების ისტორიას, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა ყველაზე მეტი თვითმმართველობების გაძლიერებისთვის, მათ შორის, ფინანსური დამოუკიდებლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით“

ერთ-ერთი პარტია, რომელმაც უკვე გამოაქვეყნა საარჩევნო პროგრამა, გახლავთ ევროპული საქართველო. პარტია მიიჩნევს, რომ რეგიონების გააქტიურება და ეკონომიკურად გამოცოცხლება მეტი თვითმმართველობითა და ადგილობრივი ინიციატივითაა შესაძლებელი.

ასევე პროგრამაში ნათქვამია, რომ პარტიის ამოცანაა ღარიბი სოფლის ნაცვლად ძლიერი ევროპული სოფლის შექმნა, ხოლო ამისათვის საჭიროა, რომ:

  • ხალხს და სოფლებს კერძო საკუთრებაში გადაეცეთ სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები და ტყეები;
  • მუნიციპალიტეტებს ავტომატურად დარჩეთ ადგილზე მოკრებილი გადასახადის ნაწილი;
  • დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არ არსებობს მის მიმართ სხვა პირის პრეტენზია, დარეგისტრირდეს მფლობელის საკუთრებად;
  • დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც, ფაქტობრივად, სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია, დარეგისტრირდეს სოფლის/თემის საკუთრებად;
  • სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, გადანაწილდეს საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად.

„ცვლილებები მარტივად შეილება განხორციელდეს. მიიღება კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა სოფელი გაფორმდება თემად, ერთგვარ იურიდიულ პირად, შეიძლება იყოს აიპი ან სააქციო საზოგადოება, სადაც შევა მასში დარეგისტრირებული ყველა სრულწლოვანი ადამიანი“, – აცხადებს პარტიის წევრი ლევან თარხნიშვილი.

„ამ იურიდიულ პირს, ანუ სასოფლო თემს, გადაეცემა ადგილზე არსებული რესურსები, თუმცა, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება გადასაცემი ქონების ოდენობა საქართველოს კუთხეების მიხედვით, რადგან მაგალითისთვის, მიწა ყველგან თანაბარი რაოდენობით არაა. სასოფლო თემებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან საბჭოები, როგორც მართვის ორგანოები.“

თარხნიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო საკუთრება, მათ შორის ტყე და სასარგებლო წიაღისეულიც, გადავა ხალხის საკუთრებაში და ჩაეშვება რეალურ ეკონომიკაში.

„სოფელი თავად გადაწყვეტს, თუ როგორ განკარგოს ქონება. სახელმწიფო ქონება გახდება ცოცხალი ყიდვა-გაყიდვის და, შესაბამისად, ეკონომიკური ურთიერთობის ობიექტი“, – აცხადებს იგი.

პოლიტიკოსის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის საჭიროა ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებს შორის გადასახადების განაწილების წესის შეცვლაც.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტები მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით შეავსებენ ადგილობრივ ბიუჯეტებს (მათ შორის საშემოსავლო გადასახადით), ხომ არ მივიღებთ კიდევ უფრო ნაკლებ შემოსავლიან ერთეულებს, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში, ევროპული საქართველოს წევრი პასუხობს, რომ თავდაპირველ ეტაპზე ეს მოსალოდნელია.

„საწყის ეტაპზე ამ რისკს ვერ გავექცევით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქეთკენ უნდა წავიდეთ, რომ უფრო მეტი მუნიციპალიტეტი გვყავდეს თვითკმარი, რომელიც საკუთარი გადასახადებითა და მოსაკრებლებით შეძლებს საკუთარი ბიუჯეტის შედგენას.“

თარხნიშვილის განცხადებით, პარტია ასევე მხარს უჭერს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას, რაც გულისხმობს მუნიციპალური პოლიციის შექმნას, არჩევითი შერიფების არსებობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას.

პოლიტიკური პარტია ლელოს წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით:

  • რეგიონისთვის საჭირო ფული რჩება რეგიონში;
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა იქ არსებული დაურეგისტრირებელი მიწები, აგრეთვე, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი;
  • პარტია მხარს დაუჭერს რეალურ დეცენტრალიზაციასა და მუნიციპალიტეტებზე მმართველობის მაქსიმალურად დელეგირებას.

„უნდა მოხდეს უფლებათა დელეგირება ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რადგან ცენტრის გადაწყვეტილებები ხშირად არასწორია, გამომდინარე საჭიროებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობისა“ ,- აცხადებს პარტია ლელოს წევრი გიგლა მიქაუტაძე.

პოლიტიკოსის განცხადებით, არ არის გამორიცხული, გადაიხედოს თვითმმართველი სუბიექტების საზღვრები და დაფინანსების წესი.

„თვითმმართველობების ნაწილი არის გაბერილი, ჰყავთ მცირე მოსახლეობა, თუმცა, ბევრი თანამშრომელი, ამიტომ არ გამოვრიცხავთ თვითმმართველობების გამსხვილებას. ასევე, გადასახადების ნაწილი უნდა დარჩეს ადგილზე, თუმცა შეიძლება თბილისის შემთხვევაში განსხვავებული საგადასახადო პოლიტიკა იყოს, რადგან რეალურად თბილისია ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემომტანი სახელმწიფო ბიუჯეტში“

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს დისკრიმინაციულ მიდგომას თბილისის მიმართ, პოლიტიკოსი პასუხობს, რომ არა, რადგან, დიდად არ შეიცვლება საბიუჯეტო სტრუქტურა და ეს სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია.

მიქაუტაძე ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას ლელო ღიად არ უპირისპირდება, მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი არჩევითი შერიფებისა თუ მოსამართლეების იდეის შესახებ.

ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ აუცილებელია თვითმმართველობის სისტემის რეფორმა და მხარს უჭერენ კიდევ უფრო მეტ არჩევითობას არა მხოლოდ თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოებში, არამედ აღმასრულებელ რგოლშიც.

„სოფლის რწმუნებულები უნდა იყვნენ არჩევით, ასევე, თბილისში, რაიონების რწმუნებულები, მაგალითად- გლდანის, არ უნდა ინიშნებოდეს, არამედ უნდა ირჩევდეს მოსახლეობა“, – განაცხადა პარტიის წევრმა დავით კირკიტაძემ.

პარტია ასევე მხარს უჭერს ადგილობრივ დონეზე ქონების გასხვისებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებით გათვალისწინებულ მოსამართლეებისა და პოლიციის შერიფების არჩევას.

ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ საჭიროა ავტონომიურობის ხარისხის ზრდა, რაც გამოიხატება საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების უფლებაშიც.

„რეგიონებს არ გააჩნიათ ავტონომიურობა, მაგალითად, აჭარა არის ყველაზე თვითმმართველი ერთეული, მაგრამ რეალურად ეს არ გამოიხატება არანაირ უფლებრივ განსხვავებაში. მათ (ყველა რეგიონს და არამხოლოდ აჭარას) უნდა შეეძლოთ განსხვავებული გადასახადების დაწესება, რათა შევძლოთ შევადაროთ, რომელმა მოდელმა იმუშავა უკეთ.“

პოლიტიკოსის აზრით, ასევე ადგილობრივ დონეზე უნდა აირჩეს მოსამართლეები და პოლიციის ხელმძღვანელები, ხოლო სახელმწიფო ქონება უნდა გადანაწილდეს თანაბრად საქართველოს ყველა მოქალაქეზე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ როგორ ესახება გირჩს სახელმწიფო ქონების გასხვისება, იაგო ხვიჩია პასუხობს:

„ქონების თანაბრად გადანაწილების ყველაზე კარგი საშუალებაა ერთგვარი საპრივატიზაციო ფულის დარიგება მოსახლეობისთვის. ამით მათ შეეძლებათ მხოლოდ სახელმწიფო ქონების შეძენა. შესაძლებელია, რომ ზოგი ადამიანი ამ ფულს გადაცვლის რეალურ ვალუტაში და ამ გზით მიიღებს სახელმწიფო ქონებიდან სარგებელს, ხოლო ისინი, ვისაც მიწა ან სხვა ტიპის ქონება აინტერესებთ, მათ შეიძენენ. ესაა უფრო სამართლიანი, ვიდრე პრივატიზაცია, რადგან პრივატიზების შემთხვევაში მხოლოდ მდიდარი ხალხი მიიღებს ქონებას, რაც სამართლიანად აჩენს უსამართლობის განცდას“.

ნინო ბურჯანაძის პარტიაში, „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო“ ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მხარს უჭერენ თვითმმართველობის ძირეულ რეფორმას.

პარტიაში თვლიან, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის მიწა და ყოფილი საწარმოები, უნდა გადაეცეს ადგილობრივ მოსახლეობას.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს ისეთ პროცესებს, როგორიც საქართველოში 90-იან წლებში არსებულ პრივატიზაციას მოჰყვა, პარტიის წევრი ირაკლი ჭყოიძე აცხადებენ, რომ კონტროლის არსებობის შემთხვევაში, ასეთი საფრთხეები გამოირიცხება.

„90-იანი წლების პრივატიზაცია იყო ჩაფიქრებული ისე, რომ მომხდარიყო სახელმწიფო ქონების მიტაცება, ე.წ. პრიხვატიზაცია, თვითონ მიდგომა იყო არასწორი და დანაშაულებრივი, რაც შეეხება ჩვენს ხედვას, თუ იარსებებს გასხვისების პირობები, მაშინ ამ რისკებიდან დაზღვეული ვიქნებით“.

პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერი ბექა ნაცვლიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ თვითმმართველობის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებლად უნდა შეიცვალოს სოფლის სტატუსი.

„სოფელი უნდა გახდეს იურიდიული და ეკონომიკური სუბიექტი, პირობითად შეიძლება ეწოდოს თემი.  მას უნდა ჯყავდეს არჩეული რწმუნებული და/ან 5-კაციანი საბჭო, სადაც მოქალაქეები თავად გამოარჩევენ თანასოფლელებს, ისეთებს, რომლებიც არიან გამოცდილი, აქვთ რეპუტაცია და ლიდერული თვისებები“

ნაცვლიშვილიც მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თემებს სარგებლობაში უნდა გადაეცეთ ბუნებრივი რესურსი და სახელმწიფო ქონება.

„ბუნებრივი რესურსი, მიწა, ტყე, წყალი და სხვა უნდა გადაეცეს სოფელს არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობაში, რადგან სოფელი ყველაზე ყაირათიანად განკარგავს ამ რესურსებს და უვლის. ასევე, როდესაც შენდება ჰესი, მოგების მინიმუმ 5 % უნდა წავიდეს თემის, რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში.

პოლიტიკოსი ასევე საუბრობს სათემო კოოპერატიული აგრო-საკრედიტო სისტემის შექმნაზე, რომელიც ბანკების გვერდის ავლით დაეხმარება ფერმერებს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იქნება თუ არა ეს მოდელი ნებაყოფლობითი, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა ამისათვის ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნაა საჭირო.

„ეს იქნება ნებაყოფლობითი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს არსებულ კოოპერატივების კანონის საფუძველზე. კოოპერაცია არ უნდა იყოს მხოლოდ მოყვანაზე ორიენტირებული, არამედ შენახვაზე და გადამუშავებზეა უნდა იყოს მიმართული, რათა შეიქმნას დამატებითი ღირებულება“,- აცხადებს იგი.

ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აუცილებელია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა.

პარტიის ლიდერის, ლევან იოსელიანის მიხედვით, აუცილებელია შეიცვალოს ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი და საჭიროა სახელმწიფო ქონების ადგილობრივ დონეზე გასხვისება.

იგი ასევე საუბრობს გარკვეულ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც შესაძლოა რეგიონებში არსებულ ბიზნესებს შეეხოს.

“ ადგილობრივი თვითმმართველობების სტიმულირებაში ვგულისხმობ მოდელს, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველ ქალაქებში, გარდა თბილისისა, წამოწყებული ბიზნესი ისარგებლებს გარკვეული საგადასახადო შეღავათიანი პრეფერენციებით, როგორიც არის, მაგალითად, ტურიზმის სფეროში“

სტრატეგია აღმაშენებელში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პარტია მხარს უჭერს დეცენტრალიზაციას, მოსამართლეებისა და ადგილობრივი პოლიციის უფროსების საჯარო გზით არჩევას.

კითხვაზე, ამ შემთხვევაში ხომ არ არის საფრთხე, მოსამართლეებისა და პოლიციელების პოლიტიზების, პარტიაში აცხადებენ, რომ ეს საფრთხე უკვე დგას.

‘პოლიტიზების საფრთხე უკვე რეალურია, თუმცა სამართლიანი და კონკურენციული გარემოს პირობებში, პროფესიონალები დაწინაურდებიან და ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ ნაკლებად პროფესიონალ კადრებს’, – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

პარტიაში ასევე მხარს უჭერენ მიწების, ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ტყისა და სხვა სახელმწიფო ქონების მოსახლეობაზე გასხვისებას.

ლეიბორისტულ პარტიაშიც მხარს უჭერენ გადასახადების ნაწილის ადგილობრივ დონეზე დარჩენას.

„შეიძლება ეს იყოს გადასახადების მესამედი ან ნახევარი, ეს არის კალკულაციისა და პოლიტიკური კონსენსუსის საგანი, თუმცა აქ მთავარია პრინციპული შეთანხმება, რომ საჭიროა თვითმმართველობების ფინანსური გაძლიერება“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა.

პარტიაში ყურადღებას ამახვილებენ საკადრო პოლიტიკაზეც.

„აუცილებელია ხშირი ტრენინგები, დამატებითი სწავლებები, რათა მათი კომპეტენციის დონე გაიზარდოს, რაც ასევე გულისხმობს მათი ანაზღაურების ზრდას, რადგან რეალურად პროფესიონალმა ადამიანებმა აიღონ მართვის პასუხისმგებლობა“.

ქუმსიშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში უნდა გადავიდეს სახელმწიფო ქონების ის ნაწილი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, თუმცა, გარკვეული პირობებითა და წინასწარი შესწავლის გზით.

ლეიბორისტული პარტიაც უჭერს მხარს სასამართლოსა და ადგილობრივი პოლიციის უფროსის არჩევას.

პატრიოტთა ალიანსში მიიჩნევენ, რომ საქართველოში რეალური თვითმმართველობა არ არსებობს, რადგან არ არსებობს ფინანსური დამოუკიდებლობა.

„ქალაქების უმეტესობა არის სახელმწიფო დოტაციაზე, რაც არჩევნების დროს ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მუშაობენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ – ეს უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოჩა თევდორაძემ.

პარტიაში ასევე მხარს უჭერენ თვითმმართველი ქალაქების რიცხვის ზრდასა და უფლებების დელეგირებას ადგილობრივ დონეზე.

რეალურად რა არის გასაკეთებელი?! 

თვითმმართველობის შესაძლო რეფორმასა და პოლიტიკური პარტიების დაპირებებს აფასებენ ექსპერტებიც.

“თვითმმართველობის პირველი განახლებული კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გახლდათ 1998 წელს, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა რეალური დეცენტრალიზაცია. დღესაც, კანონში ბოლო ჩანაწერი რომ ნახოთ, სადაც მთავრობას ევალება ქონებისა და უფლებამოსილებების გადაცემა და რომ შეადაროთ პირველ კანონს, რომელიც მივიღეთ 23 წლის წინ, მივხვდებით, რომ ეს პრაქტიკულად მსგავსი დოკუმენტებია და არაფერი შეცვლილა“ ,- აცხადებს კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის წევრი ირაკლი მელაშვილი.

ექსპერტის მოსაზრებით, ცენტრალური ხელისუფლება ფლობს ქონების 80-90%-ს და ამით ცდილობს უკარნახოს ადგილობრივ ხელისუფლებას განსახორციელებელი პოლიტიკა და უზრუნველყოს მათი ლოიალობა.

„თითქმის ყველა თვითმმართველობა თითქმის დოტაციურია ამ ქვეყანაში, რასაც ყველა არჩევნების დროს იყენებს მმართველი გუნდი. მუნიციპალიტეტებში არის განცდა, რომ თუ ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს მერის არჩევნებში, მაშინ მუნიციპალიტეტს გაუჭირდება თანხების მობილიზება ადგილობრივი პროექტებისთვის.“

ექსპერტის განცხადებით, აუცილებელია, რომ ფისკალური პოლიტიკა ისე იყოს აწყობილი, რომ მუნიციპალიტეტს გააჩნდეს განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის მოტივაცია.

„ნიშანდობლივია ჩოხატაურის მაგალითი, როდესაც კომპანიას ორბი ბახმაროში 100 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. შედეგად, მუნიციპალიტეტში არაფერი არ შევიდოდა, გარდა ქონების გადასახადისა, რაც მთის პირობებში პრაქტიკულად ნულის ტოლია, მაგრამ ეს აჩენდა დამატებით ხარჯებს მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ახალ ობიექტს დასჭირდებოდა გზა, წყალი, გარე განათება და ა.შ. რომელიც მუნიციპალიტეტს უნდა გაეკეთებინა. შედეგად, ეს ინვესტიცია მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი თავისტკივილი უფრო იყო, ვიდრე სარგებელი“, – აცხადებს მელაშვილი.

მისი თქმით, საჭიროა, რომ საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილი დარჩეს ადგილზე, რაც ადგილობრივ დონეზე გააჩენს დასაქმების ხელშეწყობის მეტ მოტივაციას, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს მეტ საბიუჯეტო შემოსავლებს.

„საჭიროა, საშემოსავლო გადასახადის დატოვება ადგილებზე, რაც ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტს სწრაფად აქცევს დონორად, ნაცვლად დოტაციაზე დამოკიდებულებისა, ასევე საჭიროა გამათანაბრებელი  ტრანსფერის ოპტიმიზაცია ისეთი მუნიციპალიტეტებისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ეს გაზრდის მუნიციპალურ დონეზე ფინანსურ აქტივობას, თვითკმარი მუნიციპალიტეტების რიცხვს და მოტივაციას, რომ მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს“.

ექსპერტი ნეტგაზეთთან ასევე საუბრობს სახელმწიფო ქონების განკარგვაზეც.

„ეკონომიკის სამინისტრო ფლობს დაახლოებით 24 000 მიწის ნაკვეთს, აქედან 13 000-ზე დგას შენობა-ნაგებობა. შარშან გამოცხადდა 100 საპრივატიზაციო წინადადება, მათგან ერთი წლის მანძილზე სულ რამდენიმე ათეულია პრივატიზებული. ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო ორგანოები ისე კარგად მუშაობენ, რომ დღეში ერთ ნაკვეთს ასხვისებენ, რაც პროცედურების გათვალისწინებით იდეალური შედეგია,  უხეში გათვლებით გამოვა, რომ 80 წელი დაგვჭირდება მთელი ქონების გასასხვისებლად. საჭიროა, რომ ეს ქონება გადავეცეთ მუნიციპალიტეტებს, ანუ ნაცვლად ცენტრალიზებული სისტემისა, ადგილობრივ დონეზე მოხდეს ამ ყველაფრის განკარგვა, რაც დააჩქარებს პროცესს და ეკონომიკას შესძენს დამატებით ღირებულებას”.

ირაკლი მელაშვილის განცხადებით, არჩევითი შერიფების ნაწილში მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა უფლებამოსილებებით აღიჭურვებიან ისინი.

„არჩევითობაზე მეტად მე მაინტერესებს, რა უფლებამოსილება ექნებათ ამ შერიფებს, როგორ შეიქმნება მუნიციპალური პოლიცია, რა იქნება ბიუჯეტის წყარო და ასე შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის დემაგოგია“.

არჩევითი პოლიციის ხელმძღვანელებზე ამახვილებს ყურადღებას თვითმმართველობის კიდევ ერთი ექსპერტი და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი.

მისი თქმით, სანამ უშუალოდ შერიფებზე გადავალთ, მთელი რიგი ცვლილებების გატარებაა საჭირო მუნიციპალური პოლიციის შექმნის კუთხით. „არჩევითი შერიფების დაპირება უფრო მეტად პოპულისტური მგონია, ვიდრე რეალური“, – აცხადებს იგი.

„ყველა პოლიტიკური პარტია თავის პროგრამაში წერდა, რომ გაატარებდა თვითმმართველობის რეფორმას, თუმცა რეალურად ყველამ, ვინც კი ხელისუფლებაში მოვიდა, საბოლოოდ უარი თქვა რეფორმებზე. არსებული მოდელით შესაძლებელია მთელი ვერტიკალის კონტროლი, რის [ცდუნებასაც] ვერც ერთი მთავრობა ვერ უძლებს“

ექსპერტი ნეტგაზეთთან საუბრისას ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ დღევანდელობაში ადგილობრივი ორგანოებს არ აქვთ მართვის რეალური ბერკეტები და აუცილებელია, რომ თვითმმართველობამ შეიძინოს რეალური ფუნქციები.

“მთავარია, რომ მუნიციპალიტეტებს შეეძლოთ დამოუკიდებლად განკარგვა იმის, რაც აქვთ. დღეს ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ კომუნალური მომსახურეობის განმახორციელებლები და ახორციელებენ [მმართველი] პარტიის დავალებებს.”

კანდელაკი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტებისთვის რეალური მნიშვნელობის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ ფინანსური გაძლიერებით, მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემითა და უფლებრივი დელეგირებით, რასაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნება.