გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა. საკრებულომ განიხილა და მოიწონა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებები, რისთვისაც, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია საჭირო.
მომავალ წელს თელავის მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც გარეგანათების მოწყობას, გზების, წყალმომარაგების სისტემისა და სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
დეპუტატებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებაზე საკრებულოს 2019 წლის 7 ივნისის განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებების პროექტი საკრებულოს წევრებს წარუდინა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა. როგორც დავით ქსოვრელიშვილმა აღნიშნა, 2019 წლის 7 ივნისის განკარგულებით გათვალისწინებულია თურდოს, კისისხევისა და დოლიაურის ხევების ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, თუმცა პროექტები შესყიდული არ არის.
“თელავის მუნიციპალიტეტი სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ყიდულობს გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით და ჩვენ უკვე შევარჩიეთ საპროექტო კომპანია შ.პ.ს. „მ-პროექტი“. კომპანიის საპროექტო ჯგუფმა ადგილზე შეისწავლა ხევების მდგომარეობა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ თურდოს, კისისხევისა და დოლიაურის ხევების ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, სანამ მათი კალაპოტი ჭარბი ნატანისგან არ გაიწმინდება“, – განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.
საკრებულოს დეპუტატებმა მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირეს.