გადათხრილი 10-მდე მთავარი ქუჩა ქუთაისში და უპატრონოდ მიტოვებული სამუშაოები ტაბიძის ქუჩაზე

2498

ქუთაისში რამდენიმე მთავარი ქუჩარუსთაველი, გალაკტიონ ტაბიძის, ნინოშვილი, გუგუნავა, ლორთქიფანიძის… – მარტიდან გადათხრილია და მოსახლეობის პრეტენზიაა, რომ სამუშაოები ძალიან ნელა მიმდინარეობს, ქუჩები ნაგავსა და მტვერს მიაქვს და უფრო მეტიც, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, რომელიც ერთერთ მთავარი და ისტორიული ქუჩაა, გადათხრილი გზა უკვე ორი კვირაა, მიტოვებულია, მუშებმა ხელფასის გადახდელობის გამო სამუშაოები მიატოვეს, ადგილობრივებს კი ამ 4-თვიანი მტვრისა და ნაგვის გამო მთელი ტურისტული სეზონი ჩაუვარდათ

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ გზების რეაბილიტაცია გაჭიანურების გარეშე, აქტიურად მიმდინარეობს, პრობლემა შეიქმნა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, რადგან კომპანიასთან ხელშეკრულება სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო გაწყვიტეს და ახლა ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ, თუმცა, ამ ქუჩის მარტში დაწყებული შეკეთება კონკრეტულად რა რიცხვში დასრულდება, ამაზე პასუხი არ აქვთ.

ქუთაისში გადათხრილ ქუჩებსა და სამუშაოების გაწელვაზე პრეტენზიას ადგილობრივი მოსახლეობა გამოთქვამს.

მეტიც, ქუთაისის მცხოვრები ანი მახარაძე facebook-ში გადათხრილი და მუშებისგან მიტოვებული ტაბიძის ქუჩის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ რამდენიმე კვირაა, ეს გადათხრილი ქუჩა უპატრონოდაა მიტოვებული და სიმბოლურად ერთი მუშაც არ დადის, არათუ ვინმე მუშაობდეს.

“მიყრილი ნაგავი, მტვერი. სამშენებლო სტანდარტების დაცვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გაფრთხილების გარეშე რამდენიმე დღე შეიძლება არ გქონდეს წყალი.

ქუჩაზე მდებარე ყველა კომერციული ობიექტი, მთელი ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, უმუშევარი ვართ. ტურისტული სააგენტოების უმრავლესობამ ამ სიტუაციის გამო გაგვიუქმა წინასწარ დადებული ხელშეკრულებები. და იცით რატომ? იმიტომ რომ, ფეხებზე ვკიდივართ ხელისუფლებას ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ, შევქმნათ სიახლეები ამ ქალაქში, გავაჩინოთ ახალი სამუშაო ადგილები და ტურისტებისთვის მრავალფეროვანი გავხადოთ აქაურობა.

უგულოდ და უსულოდ აკეთებენ ყველაფერს, თითქოს ვალს იხდიან, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ემსახურებოდნენ. განა არ მესმის, რომ რეაბილიტაცია საჭიროა, განა არ მივესალმები, მაგრამ ეს არაა რეაბილიტაცია, ესაა სრული უპასუხისმგებლობა”, – წერს მახარაძე.

როგორც ადგილობრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გოგი წულაია აცხადებს, ქუჩების გადათხრა გაზაფხულზე დაიწყეს, გადათხრილია ქალაქის მთავარი გზები – ტაბიძის, რუსთაველის, ნინოშვილის, ასათიანის, გუგუნავას, ლორთქიფანიძის და ქალაქის სხვა მთავარი ქუჩები და დასრულებას ბოლო არ უჩანს.

„ასე გადათხრიან ქუჩებს და მერე იქ მუშას ვერ დაინახავთ. ბრიფინგი მქონდა და უნდა ნახოთ, რუსთაველის გამზირზე მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა მარტო. ქალაქში “კრუგებით” უნდა იარო. ახლა გამარჯვების მოედანთან ვარ და უნდა ნახოთ, რა ხდება, გადათხრილია ყველაფერი. ეს კატასტროფაა. ყველა მთავარი გზა, რომელიც დატვირთულია, გადათხრილი და გაუბედურებულია და ყველგან მხოლოდ ერთი-ორი მუშა მუშაობს. ქალაქი გაუბედურებულია. დავდივართ, მაგრამ ვაი, ამნაირ სიარულს. რაც გააკეთეს, ისიც უხარისხოა, ყველგან ორმოები და ჩაღრმავებებია. კატასტროფაა ამ ქალაქში სიარული.

ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებს ფული არ ენანებათ თავიანთი მოგზაურობებისთვის, რასაც ვითომ საქმიან ვიზიტებს არქმევენ.  ამერიკაში და ინგლისში იყვნენ ახლა, ექსკურსიები კარგ სახელმწიფოებში უყვართ და ფული ამისთვის არ ენანებათ, გზებისთვის – კი. ტაბიძის ქუჩაზე 2 კვირაა, ერთი მუშაც არ გამოჩენილა. მუშებს ფული არ გადაუხადეს და ხალხი გაიქცა. ახლა ახალი ტენდერი გამოაცხადეს. ამას ხომ დრო უნდა? მაგრამ მერიას არ ეჩქარება. ტურიზმი ისედაც დარტყმის ქვეშაა, მერია კი არხეინადაა, იმის ნაცვლად, რომ ქუჩები სწრაფად დააგოს”, – ამბობს წულაია.

მისი თქმით, როდის დასრულდება ტაბიძის გზის რეაბილიტაცია, არავინ იცის, მაგრამ უკვე ისიც ცნობილია, რომ წლის ბოლოს ამ ქუჩას ხელახლა ისევ გადათხრიან.

“დააანონსეს უკვე, რომ ტაბიძეზე წლის ბოლოს კანალიზაციის გაკეთებას იწყებენ და თუკი გზის დაგება მანამდე მოასწრეს, უკვე დაგებული გზა ხელახლა უნდა აყარონ. არ შეიძლება, ერთი ქუჩა ორჯერ არ გადაითხაროს?!”, – აცხადებს წულაია.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებისას “რიგი ხელისშემშლელი გარემოებები იყო”, მაგალითად, რუსთაველის გამზირზე, წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო და სამუშაოები დასრულდება აგვისტოს ბოლოს. ასევე, აგვისტოს ბოლოს დასრულდება ლორთქიფანიძის ქუჩის რეაბილიტაციაც.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის, მირზა ხიდაშელის თქმით, „შეფერხება შეიქმნა“ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სადაც გზის რეაბილიტაცია კომპანია “ჯეო სერვისს” 7 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, მაგრამ კომპანიამ დაარღვია გრაფიკი, ერთი კვირა სამუშაოებიც შეჩერებული იყო, ამიტომ მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა.

მისი თქმით, მერიამ ვერ იპოვა გამარტივებული შესყიდვის ფორმით სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, რის გამოც გამოაცხადა ტენდერი და დღეს, 17 ივლისს, გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა – შპს “პალადა”.

ხიდაშელი ამბობს, რომ კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 2 თვის ვადაში უნდა დაასრულოს სამუშაოები, თუმცა, ქუჩის რეაბილიტაცია კონკრეტულად როდის შეიძლება დასრულდეს, ამაზე პასუხი არ აქვს.

“ეს კომპანია ჯერ მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულია. ვადას ვერ გეტყვით, შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, ამ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება, თუ მოგვიწევს შემდეგ პრეტენდენტთან გადასვლა”,- ამბობს ხიდაშელი.

მისივე თქმით, სხვა ქუჩებზე რეაბილიტაციას მერია არ ატარებს. მაგალითად, ნინოშვილსა და გუგუნავას ქუჩაზე  საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას და დასრულების ვადები მისთვის ცნობილი არ არის.