ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

1260

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს.

“ჩვენ პრაქტიკულად მუდმივი, ღია და უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან ამ საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმასთან დაკავშირებით. ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენი ხედვების დაახლოებისთვის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი პრაქტიკულად უკვე გადადის ფინალურ ეტაპზე, როდესაც ჩვენ საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას წარვუდგენთ რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის და ჩვენი ხედვების ფორმალიზება ოფიციალურ დოკუმენტში, არამედ, მათ შორის, ეს იქნება ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განაგრძოს საქართველოს პარლამენტმა პროცესში მონაწილეობა რეფორმის განხორციელების, იმპლემენტაციის, მონიტორინგის შეფასების თვალსაზრისით. ამავდროულად ეს იქნება დადასტურება ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის და ეს საქმიანობა, როგორც ჩანს, იქნება საკმაოდ შრომატევადი, მათ შორის, თვითმმართველობის კოდექსში, საბიუჯეტო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები და სხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ სამუშაო შეხვედრის გახსნისას.

მისი თქმით, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი არის ინტერფრაქციული, და ვიდრე ჯგუფი საბოლოო დოკუმენტს ჩამოაყალიბებდეს, ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათი მოსაზრებების მოსმენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ამის შემდეგ შიდა სახელისუფლებო კონსულტაციები გაიმართება, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ერთიანი დოკუმენტი, რომელიც ყველასათვის იქნება მისაღები, ვინაიდან ეს არ არის ერთი პარლამენტარის, ერთი რომელიმე ჯგუფის დოკუმენტი, ეს იქნება საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის.

ასევე, კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეს ორგანიზაცია უწევს საქართველოს, მათ შორის, თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.

შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი ხედვა და რეკომენდაციები წარმოადგინეს თვითმმართველი ერთეულების როლის გაზრდაზე საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფაზე.

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება, ასევე, სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების საკითხები და მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული სტრატეგიის განხორციელებისა და მონიტორინგის შეფასების პროცესში.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის, შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.