რუსთავში, კომპანია “ჯეოსთილის” მეტალურგიულ ქარხანასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის “გავიგუდეთ” აქტივისტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, “ჯეოსთილი” ფილტრების გარეშე მუშაობს და ქალაქს მავნე გამონაბოლქვით აბინძურებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“დააყენე ფილტრები-გავიგუდეთ!” – ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელობას მოუწოდებდნენ, დააყენონ ფილტრები და შეწყვიტონ გარემოს მავნე გამონაბოლქვით დაბინძურება.
“ჩვენ აქ ვცხოვრობთ და არსად წასვლას არ ვაპირებთ! დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ “ჯეოსთილის” დირექტორს შევახსენოთ მისივე დაპირება, რომ ფილტრს ერთ თვეში დააყენებდა. ჩვენი მოთხოვნა ეხება არა მხოლოდ “ჯეოსთილს” არამედ ქალაქში არსებულ სხვა დანარჩენ ქარხნებსაც, რომლებიც ფილტრების გარეშე მუშაობენ და გვწამლავენ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნიკოლოზ მუსერიძემ.