სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო უსაყვედურეს

978

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს იმის გამო უსაყვედურეს, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წლის პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება შარშანვე ვერ მოხერხდა, – განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე, სადაც 2020 წლისთვის დაგეგმილ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საქმე ეხება პროექტებს, რომლებზეც გამოცხადდა ტენდერი, სამუშაოები დაიწყო, თუმცა გაწერილ ვადებში ვერ დასრულდა და მშენებლობის პროცესი დღესაც გრძელდება.

“6 700 000 ლარიდან, რომელიც ამ რეგიონს შარშან გადმოჰყვა, დაპროცესებულია 45%. ცოტა უხერხულია, როცა 2020 წლის გეგმებზე ვლაპარაკობთ და 2018 წელი არ გვაქვს დახურული გარკვეულ ნაწილში”, – აღნიშნა მან.

ილია ბეგიაშვილის თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთში დროულად ვერ აითვისეს 3 მილიონამდე ლარამდე. მან მიმართა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს და პროექტების განხორციელებაც დაჩქარდეს.

რეგიონში სახელმწფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განმარტა, რომ აუთვისებელი თანხების მიზეზი ამ შემთხვევაში არის ის, რომ კომპანიებს საჭირო რესურსი არ ჰყოფნით სამშენებლო სამუშაოებისთვის. მისივე თქმით, ამას გარდა, გვხვდება ხარვეზებიც მენეჯმენტში.

“არის შემთხვევები, როცა კომპანია ვერ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას და ხდება გასაჩივრება. ალბათ საჭირო იქნება დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები, რომ არ მოხდეს დავების საბჭოში ასე ხშირად გასაჩივრება, რადგან შედეგად ფაქტიურად საქმე ზარალდება”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მინისტრის მოადგილისვე თქმით, სკოლების კომპონენტისთვის რეგიონს წელს 5 240 000 ლარი გადაეცა, თუმცა ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა გვაქვს. კერძოდ, ილია ბეგიაშვილი ამბობს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დროულად უნდა დასრულდეს, რადგან სწავლა 17 სექტემბერს იწყება, მოსწავლეებს კი ხარაჩოები არ უნდა დახვდეთ:

“თან ვისწვალოთ და თან სარემონტო სამუშაოები ვატაროთ, არ გამოვა. ამიტომაც თხოვნა მაქვს, ამ კომპონენტს მაქსიმალური ყურადღება მიექცეს. თუ ვერ ასწრებთ, ჯობია ეს თანხა სხვა სკოლას გადავცეთ, ან სხვაგან მივმართოთ”.

ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წლისთვისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთს 14 მილიონამდე ლარით მეტი გამოეყოფა და ეს თანხა ჯამში 71 487 870 ლარით განისაზღვრება. ფული გზებს, ბაღებს, წყალს, კულტურულ ობიექტებს, სკვერებს, ამბულატორიების მშენებლობას მოხმარდება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მომავალი წლისთვის ორი ქვეპროგრამის დამატება სურთ – ერთი ბაღების მშენებლობა-რეკონსტრუქციის, მეორე კი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულების.

მუნიციპალიტეტების მიხედვით თანხა მომდევნო წელს ასე გადანაწილდება – ყველაზე მეტ თანხას ზუგდიდი მიიღებს -15 440 330 ლარი. შემდეგ მოდის სენაკი – 8 113 170 ლარი, ფოთი – 7 734 270 ლარი, მარტვილი – 7 613 680 ლარი, ხობი -7 065 840, მესტია – 6 795 330 ლარი, წალენჯიხა – 6 189 770 ლარი, აბაშა – 5 958 999 ლარი და ჩხოროწყუ -5 776 490 ლარი.

ასევე, გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს ტექნიკურ დეტალებზე, რაც ტენდერების უფრო ადრე გამოცხადებას ეხება, პროექტების დროულად და ეფექტურად დასრულებისთვის.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოდ შესრულდა, სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემათ მოკვლევის საფუძველზე, შემდგომი რეაგირებისთვის.

“ასეთ შემთხვევებს ვერავინ გამორიცხავს, მაგრამ გარკვეულწილად, ეს იქნება პრევენციაც, რომ იმ კომპანიების მიმართ, ვისთანაც არსებობს კითხვის ნიშნები, მოხდეს სამუშაოების პროცესიდან მათი სამართლებრივი გზით განრიდება, არ იყოს უხარისხო, გაჭიანურებული მშენებლობები”, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.