ტაბაღუა: მიმდინარე სამუშაოები რუსთავის დატბორვის საფრთხეს შეამცირებს

1174

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რუსთავში ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, პროექტი, რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან, ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრო რაიონების დაცვის მიზნით ხორციელდება და ჩამდინარე წყლების მილსადენი სისტემების მშენებლობას ითვალისწინებს.

იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული ღვარცოფისა და ჭარბი ნალექის შედეგად, რუსთავის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, წლების განმავლობაში იტბორებოდა. როგორც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ეს პროექტი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია და მინიმუმამდე შემცირდება რუსთავის დატბორვის შესაძლებლობა.

“მოსახლეობას ახსოვს, რომ წლების განმავლობაში იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვარი ტბორავდა და ძალიან დიდ ზიანს აყენებდა რუსთავს. ქალაქის დატბორვა ბოლოს 2018 წელს მოხდა. მუნიციპალიტეტის ინიციატივას, მოძებნილიყო გზები რუსთაველებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა, სწორედ სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დიდი ძალისხმევის შედეგად მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია, დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ასეთი სირთულის პროექტი მოამზადეს, გამოაცხადეს ტენდერი და სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტის თანახმად მოეწყობა ბეტონის კოლექტორი, როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის, სპეციალური პანდუსები, იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოხდეს ჩამდინარე წყლების მილსადენი სისტემების პერიოდული გაწმენდა. წვიმის დროს წამოსული ნიაღვარი საბოლოო ჯამში მიმართული იქნება მდინარე მტკვარში, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მომავალში ქალაქ რუსთავის დატბორვის შესაძლებლობას“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

იაღლუჯის ფერდობის გასწვრივ სამუშაოები გუშინ დაიწყო და 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 12 მილიონ-ნახევარია.

ფოტო: Ambebi.ge