ეკატერინე ბასილაია
ალაზნის ველზე ხანძარი გიზგიზებს – მოსახლეობის მიერ მინდვრებზე ცეცხლის განზრახ
წაკიდების სეზონი ისევ გაიხსნა. სულ მალე ანალოგიური ვითარება იქნება შირაქშიც.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების შემდეგ მიწის
ნამჯისაგან გასაწმენდად ნაკვეთებზე ცეცხლის წაკიდება დაიწყო და ამ იოლ ვანდალურ
ხერხს მიმართავს ყოველ წელს, რის გამოც ივნისში ამ ტერიტორიებზე ხანძრები
გიზგიზებს და დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ლაგოდეხის სოფლები მჭვარტლშია
გახვეული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატრამენტში აცხადებენ, რომ ყოველი ცეცხლის
გაჩენის შემთხვევაზე ადგილზე მიდიან, მაგრამ როგორც წესი, მიწის მესაკუთრე
აცხადებს, რომ არ იცის, ცეცხლი ვინ წაუკიდა, ამიტომ ცეცხლის წაკიდების მხოლოდ
შემთხვევების ნახევარზე ხდება ჯარიმის დაკისრება, მიწის მესაკუთრეების მეორე
ნახევარი კი ჯარიმასაც არ იხდის, იმის გამო, რომ ზედამხედველობის სამსახურს
მტკიცებულება არ აქვს.
გარდა ამისა, თუკი ცეცხლის წამკიდებელზე მტკიცებულება არსებობს, გარემოს
განადგურებისთვის მიწის მეპატრონეს მხოლოდ 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევს,
მომდევნო წელს კი ისევ იგივე მეორდება.
ამდენად, ერთი და იმავე მიწის ნაკვეთზე ყოველი წლის ზაფხულში შეიძლება ცეცხლი
„არსაიდან“ გაჩნდეს და ამისთვის არავინ დაისაჯოს. სამინისტროში არ აქვთ პასუხი,
როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, რომელიც გარემოს აზიანებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლიკა
ქოქიაშვილის თქმით, გაჩენილ ხანძრებზე ოქმი უკვე შედგენილია და ცეცხლის
წაკიდებისთვის 200-ლარიანი ჯარიმის დაკისრება მოხდება, რასაც ითვალისწინებს
ნარჩენების მართვის კოდექსის, 35-ე მუხლი. ხოლო თუკი ცხოველებს ან ფრინველებს, ან
ბუდეებს მიადგა საფრთხე, ან დაიღუპა, ამაზე ცალკე რეგულაციაა, რაც 500-ლარიან
ჯარიმას გულისხმობს.
“უბრალოდ, ადგილზე მისვლის შემდეგ პრობლემა ისაა, რომ მოქალაქეები ძირითადად
უარყოფენ, რომ ცეცხლი წაუკიდეს. „ნეტა ეს რა ხდება, ნეტა ვინ წაუკიდა?“, – ასეთი
კომენტარებით გვხვდებიან ხოლმე. თუ ფაქტი გვაქვს ხელში, ვადგენთ ოქმს, თუ არა,
მერე ახსნა-განმარტებას ვაწერინებთ. თუ გამოიკვეთება და შესაძლებელი გახდება
სასამართლოზე მტკიცებულებების გაგზავნა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვადგენთ ოქმს,“-
ამბობს ქოქიაშვილი.
შეკითხვაზე, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი და იმავე მიწის ნაკვეთზე
ჩნდება ხანძარი, თანაც ზაფხულში, ამის გათვალისწინება ხდება თუ არა, თუნდაც
მტკიცებულების გარეშე დაჯარიმდეს მიწის მესაკუთრე, ამბობს, რომ მტკიცებულების
გარეშე დაჯარიმება ვერ მოხდება.
მისი თქმით, ცეცხლის წაკიდების შემთხვევების ნახევარზე მეტის დაჯარიმება ხდება,
თუმცა, ეს პრობლემას ვერ შველის, თუნდაც იმიტომ, რომ ჯარიმა ცოტაა.
“ფოტოხაფანგებსაც ვიყენებთ ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელია. გამოძახებაზე
მივდივართ, ცეცხლს ვაქრობინებთ, თუმცა ზოგჯერ ოქმები დგება, ზოგჯერ – ოქმი ვერ
დგება. თუ მტკიცებულება არ გავაყოლეთ, მოსამართლე ვერავის დააჯარიმებს,“- ამბობს
ის.
ქოქიაშვილის თქმით, ცეცხლის წაკიდებით მიწის გასუფთავების პრობლემა ძირითადად
დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებშია. მისივე თქმით,
პრობლემააა ისიც, რომ ცეცხლი ზოგჯერ მიმდებარე ტერიტირებზეც გადადის და
ანადგურებს, მათ შორის, ქარსაფარ ზოლებს.
“ცეცხლის წაკიდება ძალიან დიდი პრობლემაა. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა
შარშანაც გააკეთა განცხადება, იმიტომ რომ, შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთიდან
ცეცხლი გადადის ხოლმე მიმდებარე ტერიტორიაზე, ამის გამოც ხანძრის შემთხვევებიც
ყოფილა. ეს ხდება ძირითადად კახეთში. შირაქისა და ალაზნის ველებზე, წნორის
მინდვრებზე, ძირითადად დედოფლისწყაროს, სიღნაღსა და ლაგოდეხში.
ადგილობრივების აღიარება როცა არის, მიზეზი არის ის, რომ მერე უფრო უკეთესი
მოსავალი მოდის და ამ დაწვას მიწის გადამუშავების ნაწილად თვლიან, თუმცა, ეს მიწის
მოვლასთან არანაირ კავშირში არ არის, პირიქით, ცეცხლის წაკიდება მიწას უფრო
აზიანებს, რადგან ჰუმუსის ფენა ნადგურდება… ჯარიმაც მხოლოდ 200 ლარია, თუ
მხოლოდ დაწვაა და ახლა ეს რამდენად ეფექტურია?!“- ამბობს ქოქიაშვილი.
რატომ არ ანებებს მოსახლეობა მიწის გადაწვას თავს? ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ
ნამჯისგან მიწის გაწმენდის თანხა არ აქვთ, თანაც მათი „მამა-პაპა“ ასე ამუშავებდა და
წმენდდა მიწას და ისინიც ტრადიციას მიჰყვებიან.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაჯარიმების სტატისტიკა ასეთია: 2019 წელს უკვე
დაჯარიმდა – 43 ადამიანი, 2018 წელს – 47, 2017 წელს – 54, 2016 წელს – 45 და 2015 წელს – 34.
დაჯარიმება ეხება ნარჩენების მართვის კოდექსის, 35-ე მუხლის დარღვევის გამო. 35-ე
მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის
ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ
დანადგარში დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ამ რეგულაციის მიუხედავად, ფაქტია, პრობლემა არ გვარდება – მოსახლეობა კვლავ
ანადგურებს მიწას, რომლითაც შემოსავალს იღებს, ანადგურებს გარემოს, რომელშიც
ცხოვრობს, სახელმწიფო კი უფრო ქმედითი და ეფექტური მექანიზმების შემუშავებაზე
ჯერაც არ ფიქრობს.