საჯარო სექტორში ქრთამის აღების ფაქტები 56%-ით გაიზარდა

1205

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში საჯარო მოხელეთა მხრიდან ქრთამის აღების ფაქტები 56%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

2019 წლის იანვარ-მაისში პოლიციამ სულ ასეთი 36 საქმე აღრიცხა, მათგან 11 საქმე ანუ 30% არის გახსნილი.

ქრთამის აღება სამოხელეო დანაშაულების კატეგორიაში გადის. ასევე, ამ კატეგორიაში შედის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი გულგრილობა, სამსახურებრივი სიყალბე და სხვა კატეგორიების დანაშაულები.

შსს-მ 2019 წლის იანვარ-მაისში ამ ჯგუფის სულ 248 საქმე აღრიცხა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება მთლიანად კრიმინალის სტატისტიკას, პირველ ხუთ თვეში 28,290 დანაშაული აღირიცხა, რაც 2018 წელთან შედარებით 19.3%-ით მეტია.