გაბუნია: თვითმმართველობის კოდექსის კონსტიტუციასთან ჰარმონიზება მოვახდინეთ

1011

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საკომიტეტო განხილვების რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლებმა რამდენიმე კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის წევრების – ზაზა გაბუნიასა და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ” (კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია), მესამე მოსმენით განსახილველად კომიტეტის თავმჯდომარემ, პროექტის ერთერთმა ინიციატორმა ზაზა გაბუნიამ წარადგინა.

“ჩვენ ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი თვალსაზრისით “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მოვიყვანეთ კონსტიტუციასთან თანხმობაში. ეს არის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის კანონპროექტი, რომელსაც წარმოგიდგენთ უცვლელი სახით, რადგან  მეორე მოსმენის შემდეგ, რამე სახის რედაქციული შენიშვნები მასთან დაკავშირებით არ ყოფილა. წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს იმ ტექნიკურ და შინაარსობრივ ცვლილებებს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების სფეროში გაითვალისწინა კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ და რომელიც უნდა აისახოს საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციის რედაქციასთან”,- აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.