თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გამო დეცენტრალიზაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს. ამის შესახებ მეჭიაურმა საკონსტიტუციო ინიციატივის – პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაციაზე განაცხადა. მეჭიაური ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტებს პარლამენტში თავისი მაჟორიტარი აღარ ეყოლებათ, მათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაუჭირდებათ, რის გამოც დეცენტრალიზაციის პროცესი კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
“ეს სისტემა, რომელიც თქვენ შემოგაქვთ, ამ ეტაპზე ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. მე თავიდანვე მაჟორიტარული სისტემის მომხრე ვიყავი, რადგან ყველა ტერიტორიულ ერთეულს, ყველა მუნიციპალიტეტს ჰყოლოდა თავისი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში და პოლიტიკური სპექტრი მთლიანად არ ყოფილიყო თბილისიდან დაკომპლექტებული ისე, რომ რეგიონებს არ ჰყოლოდათ თავიანთი წარმომადგენლობა. პროპორციული არჩევნები დღეისათვის სამართლიანია, თუმცა, ამას აუცილებლად თან უნდა სდევდეს თვითმმართველობის რეფორმა, დეცენტრალიზაცია. მაჟორიტარები, რეალურად, შუამავლები იყვნენ მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, რამეთუ საკითხების 80%, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წყდება ცენტრში, ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია, ქონებისა და ფინანსების გადაცემა, რაც მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს, შეივსოს ეს ვაკუუმი და შემდეგ სულაც არ იქნება მაჟორიტარის ყოფნა აუცილებელი”, – განაცხადა შეხვედრაზე მეჭიაურმა.
მეჭიაურის თქმით, მას ცენტრთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს, რადგან თიანეთის მუნიციპალიტეტის მერობამდე ცენტრალურ ხელისუფლებაში იყო, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მუნიციპალიტეტების 80%-ზე მეტს კომუნიკაციის პრობლემა შეექმნება.
“იმედს ვიტოვებ, რომ ეს კონსულტაციები გაგრძელდება და გვექნება საშუალება, რომ კიდევ უფრო დეტალურ განხილვებშიც მივიღოთ მონაწილეობა. მთლიანობაში, მივესალმები ამ ინიციატივას და ვისურვებ, რომ ამის პარალელურად, კიდევ უფრო დაჩქარებულად მოხდეს თვითმმართველობის რეფორმაც”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.