გუდაურსა და ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გახსნეს

840

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გუდაურსა და ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა.

“გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ბაკურიანში (დიდველზე) საბაგირო ყოველდღიურად 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

“მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონური. სწორედ ამ მიმართულებით გუდაურში ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის 5 000 მეტრიანი, ხოლო ბაკურიანში 6 000 მეტრიანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია, როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე, მოყვარულებისთვის.

ამასთან, დამსვენებლებისათვის ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი “ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა ფუნქციონირებს.

“ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრ
“ბაკურიანს“, ყოველკვირეული პრემიერებით. კინოთეატრში განთავსებული საინფორმაციო ცენტრი კი, საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს უზრუნველყოფს ინფორმაციით ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. ცენტრი დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და მიიღონ დეტალური ინფორმაცია ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე, მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგზე.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობის გაზრდისთვის შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, შესაბამისად, მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში“, –  განმარტავენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.