ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი, აქციაზე დაშავებულების უცენზურო მოხსენიებისთვის, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

600

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ქუთაისის მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ხუციბერიძეს საზოგადოების ნაწილი დაუპირისპირდა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

საზოგადოების გაღიზიანება ნუგზარ ხუციბერიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს მოჰყვა. მან 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებულთა მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

“ნუგზარ ხუციბერიძე, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მან გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან, რაც გახდა კიდეც ნუგზარ ხუციბერიძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი,”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.