“ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მანამდე პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას პირადად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ასევე, მასში პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები მონაწილეობდნენ.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საკითხები განიხილეს. თბილისში უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. აქცია დაანონსებულია დღესაც.
აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც მათი შეფასებით, დარბევისას ძალას გადაამეტეს.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე, გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.