ჩვენ დღეს აჭარაში არ გვაქვს არც ერთი გაჩერებული საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გუშინ უმაღლეს საბჭოში მთავრობის მუშაობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ანგარიშის წარდჰენისას თორნიკე რიჟვაძემ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის, საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად განხორციელდა.
“ჩვენ დღეს აჭარაში არ გვაქვს არც ერთი გაჩერებული საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა, რომლის მიხედვით ინვესტორებმა, რომლებსაც ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ შესაბამისი ვალდებულებები, ეს ვალდებულება უნდა უზრუნველყონ საბანკო გარანტიით.
ამ ფორმატის საფუძველზე ამუშავდა და ამოქმედდა 35 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 220 მილიონ ლარს და 165 მილიონ დოლარს.
რაც შეეხება ახალ ინვესტიციებს, დღეის მდგომარეობით, გვაქვს 1 მილიარდი ლარის ახალი ინვესტიცია და ამას ბუნებრივია დაემატება ახალი პროექტები. გვაქვს გეგმა, რომ წლის ბოლომდე შევძლოთ მილიარდი დოლარის ახალი ინვესტიციის რეალიზება და 2 წელში აჭარაში შევქმნათ 6 000 სამუშაო ადგილი. თითოეული მთავრობის წევრი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ეკონომიკურ გუნდში საქმიანობს, ყოველდღიურ რეჟიმში, ამ გეგმის შესასრულებლად არის მიმართული”, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.