ძირულა-მოლითის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას 51 მილიონზე მეტი მოხმარდება

945

ძირულა-მოლითის 25 კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია.

მათივე ცნობით, ასევე, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები დაწყებულია აღნიშნული გზის მეორე, მოლითი- ჩუმათელეთის 25 კმ-იან მონაკვეთზე.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას ითვალისწინებს.

“საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს: ჩხერიმელას, ძირულას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ”, – განმარტავენ გზების დეპარტამენტში.

ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი კომპანია “ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 51 467 681 ლარია. სამუშაოების დასრულება 2020 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.