ქალაქ ონში ახალი მუზეუმის მშენებლობას 5.5 მილიონზე მეტი მოხმარდება

1791

წინა სტატია

ონში მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმის მშენებლობას 5.5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილი ონის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას განაცხადა.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, თუმცა 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია განთავსებული.

“ქვის და ბრინჯაოს ხანის 14 ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატია აქ განთავსებული. ამიტომ, ერთობლივად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, ეროვნულ მუზეუმთან და ონის მუზეუმის ადმინისტრაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ძვირფას კოლექციას აუცილებლად სჭირდება ისეთი სივრცე, რომელიც ამ ექსპონატებს საუკეთესოდ წარმოაჩენს და დამთვალიერებელიც კომფორტულად იგრძნობს თავს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ახალ ორსართულიან მუზეუმში საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე განთავსდება. შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, კეთილმოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებს.