ხუნწარია: კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება

1137

კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისი უნდა გახდეს საფესტივალე ქალაქი.

“ჩვენ ყველას გვეამაყება, რომ ეს შევძელით და დიდი მადლობა ქალაქის მერს, რომელმაც აიტაცა ეს პროექტი. ყველა დიდ ევროპულ ქალაქს აქვს ახალგაზრდული ქალაქი ან ახალგაზრდული სოფელი, რომელიც მულტიფუნქციურია. ის აერთიანებს გასართობ, სპორტულ, რეკრეაციულ ზონებსა და რაც მთავარია, საფესტივალო სივრცეს.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ახალგაზრდულ ცენტრებთან, ჩვენს დამეგობრებულ ქალაქებთან და მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ თბილისში ჩატარდეს მასშტაბური ახალგაზრდული შეკრებები, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ამისთვის კონკრეტული ინფრასტრუქტურა, ასევე, საფესტივალო სივრცე, ვინაიდან, თბილისი უნდა გახდეს საფესტივალო ქალაქი. კოჯორი იქნება ამ მიმართულებით ძალიან დატვირთული. ერთ მიღებაზე ის 300-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება მწვანე კონცეფციის, ენერგოეფექტური და ხის კოტეჯებით დატვირთული“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, სექტემბრიდან მერთან არსებული ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება და თბილისი ევროპის სტუდენტური ბარათის ქსელს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდება.

ამასთან, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელ ხიდზე ე.წ Night მარკეტიამოქმედდება.